ბათუმში წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა დაიწყო

656

ბათუმის ახლადშემოერთებულ ტერიტორიაზე, სადაც აქამდე წყლის ცენტრალური სისტემა არ არსებობდა, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა დაიწყო.

მერიის ცნობით, პროექტის დასრულების შემდეგ 8 000-მდე აბონენტის უწყვეტი წყალმომარაგება, 24 საათის განმავლობაში, საწნევო ტუმბოების გარეშე მოხდება.

“პირველ ეტაპზე, წყალმომარაგების ქსელის შექმნა განხორციელდება ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ხახულისა და გოდერძი ჩოხელის ქუჩების მონაკვეთში, რომლის ღირებულებაც შეადგენს 1 მილიონ 700 ათას ლარს.

მეორე ეტაპზე, პროექტს განახორციელებს ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველო. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 600 ათასი ლარია. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

პროექტი ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება”, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

“წლების განმავლობაში ახლადშემოერთებულ ტერიტორიაზე, რომელიც ადრე ხელვაჩაურს ეკუთვნოდა, გვქონდა პრაქტიკულად გადაუჭრელი წყალმომარაგების პრობლემა. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის განხორციელების შედეგად 24 საათიან რეჟიმში წყალმომარაგებით 8 ათასამდე აბონენტი ისარგებლებს. პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის” – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

წყალმომარაგების ქსელის საერთო სიგრძე მაგისტრალური და შიდა დაქსელვის ჩათვლით 85 კილომეტრს შეადგენს. პროექტის საერთო ღირებულება 14 მილიონი ლარია.