აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში, სადაც სკოლის საუკუნოვანი შენობა დაანგრიეს, ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები სოფლის ადმინისტრაციის შენობაში შეხვდებიან. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
შენობის დანგრევამდე სოციალურ ქსელში სკოლის ფოტო გავრცელდა, მოქალაქეები შენობის შენარჩუნებას და ძველ შენობაში მუზეუმის გახსნას ითხოვდნენ, თუმცა, ადგილობრივების ნაწილლი ამბობდა, რომ ძველის ბედზე მეტად ახალი სკოლის აშენება აინტერესებდათ.
სკოლის დირექტორის, სვეტლანა ბოკუჩავას განცხადებით, ახლის აშენებამდე მოსწავლეები დროებით, ადმინისტრაციის შენობაში იქნებიან.
“56 მოსწავლე ახალ სასწავლო წელს ადმინისტრაციის შენობაში შეხვდება. გვითხრეს, რომ მომავალი წლიდან ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
აბაშის მერიაში კი სკოლის მშენებლობის დაწყების დროს ვერ აკონკრეტებენ.
“ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინიტროსთან ამ საკითხთან დაკავშირებით. სამინისტრომ უნდა გამოაცხადოს ტენდერი, რის შემდეგაც მშენებლობა დაიწყება, თუმცა, რა დროში მოხდება ეს, ჯერ ვერ ვიტყვით“, – აცხადებენ აბაშის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ სკოლის შენობას დემონტაჟი მიმდინარე წლის მარტში ჩაუტარდა.