პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ახალი ხედვის წარდგენისას განაცხადა, რომ 2022 წლისთვის საჯარო სკოლების მასწავლებლის ხელფასი სამჯერ უნდა გაიზარდოს. 2018-2019 წელს კი გაზრდილ ხელფასს 10 ათასამდე პედაგოგი მიიღებს.
“რეფორმით გათვალისწინებულია, რომ 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასმა 1500 ლარს უნდა მიაღწიოს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარი და მეტი უნდა გახდეს.
საქართველოში ყველა სკოლა უმაღლესი სტანდარტის უნდა იყოს. გადაიხედება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა. პირველ ეტაპზე 2018-2019 წელს გაზრდილ ხელფასს 10 ათასამდე მასწავლებელი, ხოლო 2022 წლისთვის საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი სამჯერ გაიზრდება“ – აღნიშნა პრემიერმა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით კი, განათლების რეფორმა მასწავლებლების, სკოლის დირექტორების და ადმინისტრაციის ხელფასების ზრდას ითვალისწინებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2018-2019 სასწავლო წელს გაზრდილ ხელფასს 10 ათასამდე მასწავლებელი, მათ შორის, სპეც. მასწავლებლებიც მიიღებენ. მისი თქმით, 2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 ლარს მიაღწევს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარს და მეტს.