გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, ასფალტის ფენის სისქე ორჯერ შეამცირეს. ნაცვლად 10 სმ სისქისა, ამჟამად, ასფალტი 5 სმ სისქისაა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ფენების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა მიიღო. სამუშაოებს გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანია “იბოლია” ასრულებს.
მერის მიერ შედგენილ წერილში წერია, რომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ორფენიანი(6სმX4სმ) საფარის ნაცვლად, ერთფენიანი საფარის (5 სმ) მოწყობა. გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ამბობენ, რომ ფენების შეცვლით არაფერი შეიცვალა.
,,გადაწყვეტილება მივიღეთ სამშენებლო კომპანიასა და ზედამხედველ ორგანიზაცია ,,ოპტიმალგრუპთან” კონსულტაციის შემდეგ. საფარის შეცვლით მივიღეთ ეკონომია. დარჩენილი თანხით სასაფლაოსთან მისასვლელი გზა დავაგეთ”, – აცხადებენ გორის მერიაში.
სატენდერო დოკუმენტაციით, კომპანია “იბოლიას” ასფალტი 562 000 ლარად 1,3 კმ მანძილზე უნდა დაეგო.
შეგახსენებთ, რომ გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანია “იბოლიამ”, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, გზების მოვლა-შენახვისთვის 27-მილიონიანი ტენდერი მოიგო. ამასთან, აუქციონის გარეშე შპს ,,იბოლიამ“ და შპს ,,შარამ“ , რომელიც დეპუტატის მეუღლეს ციცინო კალანდაძეს ეკუთვნის, გორში სამი დიდი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც გაიმარჯვა.
მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მუნიციპალიტეტში მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით 2017 წელს სტუდია “მონიტორმა” საგამოძიებო ფილმიც გამოაქვეყნა.