გორის აგრარულ ბაზარს – “21-ე საუკუნეს” ახალი მეწილე ჰყავს. ამის შესახებ მასალები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა. 2018 წლის აგვისტოდან, გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის 19 წლის შვილიშვილი, ელენე მანჯგალაძე აგრარული ბაზრის აქციების საერთო რაოდენობის 17%-იანი წილის მფლობელი გახდა.
აღნიშნული ოდენობის აქციების ღირებულება, რამდენიმე ხნის წინ, 20 ათასი ლარი იყო, რადგან ერთ-ერთმა მეწილემ აღნიშნულ ბაზარში, იგივე რაოდენობის წილი, სწორედ, ამ ფასად გაყიდა.
რაც შეეხება პარლამენტარის შვილიშვილს, მას აქციები ბებიამ, ციცინო კალანდაძემ აჩუქა. ციცინო კალანდაძე ამ ბაზარში წილს 2007 წლიდან ფლობდა. მას ეს წილი მისმა მეუღლემ, იოსებ მაკრახიძემ აჩუქა.
“21-ე საუკუნე” გორში 2000 წელს დაფუძნდა. მისი დამფუძნებლები ზაურ საგანელიძე (გუბერნატორის ყოფილი მოადგილე), ზურაბ წკრიალაშვილი (გორის ყოფილი გამგებელი), შალვა კეჩხუაშვილი (სოფლის მეურნეობის სამმართველოს ყოფილი უფროსი) და თემურ ხაჩიური (საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე) იყვნენ.
2000-დან 2007 წლამდე ბაზრის მეწილეთა რაოდენობა გაიზარდა, რომელთა რიცხვში საგზაო ტრესტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, იოსებ მაკრახიძე მოხვდა. თავდაპირველი კაპიტალი სულ რაღაც 11 ათას ლარს შეადგენდა. იოსებ მაკრახიძემ საგზაო ტრესტის საფუძველზე კომპანია “იბოლია” შექმნა. “იბოლიას” კაპიტალი, 2016 წლის მონაცემებით, 12 მლნ ლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანია “იბოლიამ”, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, გზების მოვლა-შენახვისთვის 27-მილიონიანი ტენდერი მოიგო. ამასთან, აუქციონის გარეშე შპს ,,იბოლიამ“ და შპს ,,შარამ“ , რომელიც დეპუტატის მეუღლეს ციცინო კალანდაძეს ეკუთვნის, გორში სამი დიდი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც გაიმარჯვა. მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მუნიციპალიტეტში მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით 2017 წელს სტუდია “მონიტორმა” საგამოძიებო ფილმიც გამოაქვეყნა.
ამჟამად, “21-ე საუკუნის” ადმინისტრაცია მიწის ფართს მდინარე ლიახვის გასწვრივ ითხოვს, “26 მაისის სახელობის სანაპიროს” ტერიტორიაზე. ამ საკითხს საკრებულოს წევრები უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.