დღეს “ჰოლიდეი ინ”-ში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრა გაიმართა სფეროს ექსპერტებით დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფებთან, რომლებიც დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაში ჩაერთვებიან.
შეიქმნა სამი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების გაზრდის, ფინანსური დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფის საკითხებზე უნდა იმუშაოს.
“დღეს გაფართოებული შემადგენლობით პირველი შეხვედრა გვაქვს. შექმნილია სამი სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფებში არის 80- მდე ადამიანი. ამ ჯგუფში არიან როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ისე დარგის სპეციალისტები. ჩვენ ვიმსჯელებთ, თუ რომელი წინადადებაა გასათვალისწინებელი. ამ ჯგუფებს შეუერთდებიან მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები. ძირეული ცვლილებები შემუშავდება უშუალოდ სამუშაო პროცესში, რათა დეცენტრალიზაციის პროცესი წარიმართოს სწორად”, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
დღესვე კოალიციამ “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის” მინისტრის სახელზე მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის პრიორიტეტებია ჩამოთვლილი, რაც, კოალიციის წევრთა აზრით, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტში უნდა აისახოს.
დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2018-2025 წლებზე იქნება გათვლილი. სტრატეგიის დოკუმენტის პარალელურად, უნდა შემოშავდეს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაც.