კრწანისის რაიონში, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის N18-ში, უსინათლოებისთვის ადაპტირებული სკვერის მოწყობა დაიწყო. გამგეობის ცნობით 3 100 კვ.მ-ზე განთავსებული ახალი სკვერი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება.
უსინათლოებისთვის მარტივად გადასაადგილებელი ბილიკები 215 კვ.მ-ზე ტაქტილური ფილებით მოეწყობა, დეკორატიული ფილები 1 100 კვ/მ-ზე განლაგდება, 165 კვ.მ-ზე კი, კაუჩუკის საფარი დაიგება. ბეჭდური არმირებული საფარით 210 კვ.მ მოპირკეთდება, ხოლო საბაღე სამუშაოები 1 450 კვ.მ-ზე ჩატარდება.
ამასთან, სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო ატრაქციონები, ადაპტირებული სასმელი წყლის შადრევანი და გარე განათების ქსელი დამონტაჟდება. სკვერი გამწვანდება ხუთი სხვადასხვა ჯიშის 80 ძირი ხე-მცენარით. ასევე, აღნიშნულ სკვერში სარწყავი სისტემა მოეწყობა.
„აღნიშნულ დასახლებაში ბევრი უსინათლო ადამიანი ცხოვრობს. ვცდილობთ, მათთვის გარემო მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ. სწორედ ამიტომ, ქვემო ფონიჭალაში პირველად ეწყობა თანამედროვე სკვერი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი რეკრეაციული ზონა იქნება. სკვერი ასევე, უსინათლოებზე იქნება ადაპტირებული და მორგებული“, – აღნიშნა კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ.
სკვერის მოწყობისთვის კრწანისის რაიონის ბიუჯეტიდან 320 000 ლარია გამოყოფილი.