როგორი იქნება ბათუმის ყინულის სასახლე და საცურაო აუზი. ფოტოკოლაჟი

2084

ბათუმში ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობა 1 სექტემბრისთვის დასრულდება. ყინულის ჰოკეის ფედერაციის ცნობით, ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ის ბათუმში დაგეგმილი ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული.

პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია სამუშაოების ძირითადი ნაწილი. მიმდინარეობს აშენებული შენობისა და ეზოს კეთილმოწყობა, სახურავის დათბუნება, ვენტილაციის სისტემის მონტაჟი, სახანძრო სისტემის მონტაჟი.

დახურულ სპორტული კომპლექსში – ყინულის არენაზე ტრიბუნები 1500 ადგილზე განთავსდება. ყინულის არენისა და საცურაო აუზის კომპლექსის საორიენტაციო სამშენებლო ფართობი 16 000 კვ. მეტრია, საიდანაც ყინულის არენა – 10500 კვ.მეტრზე, ხოლო საცურაო აუზი 5500 კვ.მეტრზე მოეწყობა.

ყინულის არენაზე სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. კერძოდ, ფიგურული სრიალი – ჰოკეი – ასევე, ციგურებზე მასობრივი სრიალი, კულტურულ-სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და გამოფენები.