ანრი ოხანაშვილი სუბარის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელად დანიშვნას აფასებს

903

წინა სტატია

“სასათბურე პირობებს არავინ არავის არ უქმნის, ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია – პოზიცია ვინმესთვის კი არა, პოზიცია საჭიროებიდან გამომდინარე იქმნება” , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის გამოხმაურებებს უპასუხა რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელად დევნილთა ყოფილი მინისტრის სოზარ სუბარის დანიშვნასთან დაკავშირებით. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

„ვინაიდან, ჩვენთვის რეგიონული პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს მთავრობას ექნება ახალი ხედვა, ახალი მოდელი და სტრატეგია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებობდეს რეგიონული პოლიტიკის მართვის სტრუქტურა. სტრუქტურას უნდა უხელმძღვანელოს იმ გამოცდილმა ადამიანმა, ვისაც რეგიონულ პოლიტიკასთან შეხება ჰქონია. ასეთი პირია სწორედ სოზარ სუბარი. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. რეგიონულ პოლიტიკასთან მიმართებაში მას ძალიან კარგი შემხებლობა აქვს და ძალიან კარგი კანდიდატურაა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დევნილთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელად დანიშნა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობიდან რამდენიმე გუბერნატორი დღეს გაათავისუფლა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.