რუსთაველები საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუას პეტიციით მიმართავენ. მათი თქმით, შპს “ინტერ ტრანსის” მფლობელობაში არსებული ტრანსპორტით სარგებლობისას მგზავრები ყოველდღიურად უპასუხისმგებლობასა და არაპროფესიონალიზმს აწყდებიან.
“მივმართავთ შპს “ინტერ ტრანსის” დამფუძნებელს, ზაზა ლომიძეს, დირექტორის მოადგილეს, თენგიზ სანიკიძეს და ქალაქ რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუას:
შპს “ინტერ ტრანსის” მიმართ რუსთაველი მოსახლეობის უკმაყოფილება უკვე მრავალ წელს ითვლის, თუმცა ამჯერად ჩვენი მოთმინება უკვე აღარ არის საკმარისი იმ უპასუხისმგებლობის და რაპროფესიონალიზმის ასატანად, რასაც მგზავრები ყოველდღიურად ვაწყდებით ამ კომპანიის მფლობელობაში არსებული ტრანსპორტით სარგებლობისას!
ჩვენ მოვითხოვთ:
აღიკვეთოს „ინტერტრანსის“ და მის მიერ დასაქმებული მძღოლების უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალური, ხშირ შემთხვევაში უხეში და უზრდელი მოპყრობა მგზავრების მიმართ;
შეკეთდეს და სათანადოდ მოეწყოს ყველა მათ დაქვემდებარებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალება იმ ნორმების დაცვით, რაც უზრუნველყოფს მგზავრების უსაფრთხო და მართებულ გადაყვანას
ამოღებულ იქნას გადმოსაშლელი სკამები ტრანსპორტიდან,რადგან ამ სკამებზე შეუძლებელია მგზავრის ნორმალურად მოთავსება, არის სრულიად უკანონოდ დამონტაჟებული,სიცოცხლისთვის საშიშია და არ შეესაბამება სტანდარტებს!
აეკრძალოთ მგზავრებს ტრანსპორტში ფეხზე დგომა თავისუფალი ადგილების არარსებობის დროს
დაემატოს ყველაზე უფრო დატვირთულ ხაზებს ტრანსპორტი, რომ მგზავრებმა დროულად მოახერხონ სამსახურებში წასვლა და საღამოს სახლში დაბრუნება
აიკრძალოს იმ სამარშრუტოების მუშაობა რუსთავ-თბილისის მარშრუტზე, რომლებიც არ არიან აღჭურვილი კონდიცირების სისტემით
ყველა სამარშრუტოს მძღოლს მკაცრად დაევალოს გააკეთოს სატრანსპორტო საშუალების ტექდათვალიერება და მარშრუტში თვალსაჩინო ადგილას ქონდეს გამოკრული ტექდათვალიერების დამადასტურებელი საბუთი, წინააღმდეგ შემთხვევაში აეკრძალოს მას მგზავრების გადაყვანა რუსთავ-თბილისის მარშრუტზე
აღიკვეთოს მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბების და ავტოსაგზაო მოძრაობის სხვა წესების უხეში დარღვევის შემთხვევები, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მგზავრების სიცოცხლეს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა გაუმართავი სამარშრუტოებით ავარიები და რამოდენიმეჯერ ფატალური შედეგითაც დასრულდა
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მგზავრები ვეცდებით “ინტერ ტრანსის” ხელმძღვანელობისთვისაც ისეთივე არაკომფორტული გახდეს ყოველდღიურობა,როგორიც ჩვენთვის არის მათი ტრანსპორტით სარგებლობა”, – ნათქვამია პეტიციაში.