ბათუმში მოსახლეობა გადაჭარბებული ხმაურის გაკონტროლებას ითხოვს

1335

ბათუმში, ევროპის მოედნის მიმდებარედ, დუმბაძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ღამის საათებში, კაფეებიდან ხმაურით წუხდებიან. მათი თქმით, ხმამაღალი მუსიკის გამო ტერიტორიაზე ტურისტები ბინას აღარ ქირაობენ.

ადგილობრივებს პრეტენზიები აქვთ კაფეების სტუმრების მიმართაც. ისინი ქალაქის მერიას დროულ რეაგირებას სთხოვენ.

ამ ბრალდებებს უარყოფენ ობიექტების მეპატრონეები. ბათუმის მერიაში კი ამბობენ, რომ ამ ქუჩის მცხოვრებლების მხრიდან დარღვევის შესახებ შეტყობინება არ შესულა. უწყების წამომადგენლებმა დუმბაძის ქუჩაზე არსებული ვითარების შესწავლას უკვე დაიწყეს.

ივლისის დასაწყისიდან გადაჭარბებული ხმაურის კონტროლი შსს-ს ნაცვლად მუნიციპალიტეტების მოვალეობა გახდა. შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევიდა.

პარლამენტმა ხმაურის შესახებ კანონი გასული წლის 28 ივნისს დაამტკიცა. დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება ოფიციალურად 15 აგვისტოს აიკრძალა.