ხვალ ქალაქ თელავის საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ თვითმმართველი ქალაქისა და სათემო მუნიციპალიტეტის გაერთიანების საკითხს.
ცვლილების ინიციატორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა. დაგეგმილი ცვლილებებით 14-დან 7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაა მოსალოდნელი. ხელისუფლების ინიციატივით, 14 მუნიციპალიტეტიდან 7 თვითმმართველი ქალაქი უნდა გაუქმდეს და მათგან შვიდი ახალი მუნიციპალიტეტი შეიქმნას.
შეგახსენებთ, რომ დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა აპრესკონფერენცია გამართეს. მათ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი თემის საკრებულოს მისამართით სპეციალური მიმართვა შეიმუშავეს. მიმართვაში ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი თემის საკრებულოებს ახსენებენ, რომ დღემდე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ემართათ საკუთარი ბიუჯეტი და განეხორციელებინათ ის პროექტები, რაც ფართო საზოგადოების მხრიდან იყო ინიცირებული.
,,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყველაზე უკეთ იცით, თუ რა შედეგი მოიტანა 2014 წელს თვითმმართველობის რეფორმის შედეგად სათემო მუნიციპალტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების გაყოფამ. ამ პროცესმა შესაძლებლობა მოგცათ, გქონოდათ საკუთარი ბიუჯეტი, ბევრად უფრო სწორად დაგეგმათ და განეხორციელებინათ ის პროექტები, რომლებიც აქტუალური იყო როგორც ქალაქების, ისე სოფლების მაცხოვრებლებისათვის, გაგეზარდათ საქალაქო და სათემო მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლები, უფრო მეტად შესაძლებელი გაგეხადათ მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვაში.
წყარო: კახეთის ხმა