ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო მომდევნო კვირაში გეგმავს განიხილოს მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი. ამის შესახებს “ლაივპრესს” საკრებულოს იურდიულ, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარიამ განუცხადა.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვას, საკრებულოებმა მხარი არ დაუჭირონ აღნიშნულ საკითხს მოსახლეობასთან კონსულტაციების გარეშე, ნუგზარ სარიამ აღნიშნა, რომ ეს მათი ინიციატივა არ არის და შესაბამისად არც საჯარო შეხვედრების გამართვას გეგმავენ. მისი სიტყვებით, მუნიციპალიტეტების გაერთიანების წინადადება მთავრობას ეკუთვნის და საჯარო შეხვედრების გამართვაც სწორედ მისი კომპეტენციაა.
სამთავრობო კომისიის მიერ მომზადებული წინადადება თვითმმართველობაში დაგეგმილი ცვლილების შესახებ დღეს განიხილა ქალაქის საკრებულოს იურდიულ, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის საკითხთა კომისიამ.
ზუგდიდში მოქმედმა ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის და თემის საკრებულოების მისამართით დღეს გაავრცელა მიმართვა. ისინი მოუწოდებენ გამართონ საჯარო შეხვედრები მოსახლეობასთან და მხოლოდ მათი აზრის გათვალისწინერბით მიიღონ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ.
განცხადებაში, ნათქვამია რომ საქართველოს რეგიონული განვითარების კომისიამ უკვე გამართა სხდომა, სადაც განიხილეს 2014 წელს გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანების საკითხი. არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, სამთავრობო კომისიის წევრებს შენიშვნა არ გამოუთქვამთ და მუნიციპალიტეტის საკრებულოებს კონსულტაციებისა და თანხმობის მისაღებად გაუგზავნეს გაერთიანების შესახებ წინადადება.
წყარო: ლაივპრესი