ციხელაშვილი: კონფლიქტის ზონაში გაზიფიცირებისა და სასმელი წყლის პრობლემა მოგვარებულია

860

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაზიფიცირების პრობლემა მოგვარებულია. ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, განხრციელდა ასევე სასმელი და საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

„აბსოლუტურად ყველა სოფლის (გამყოფი ხაზის გასწვრივ) გაზიფიცირება დასრულდა და ჩვენ 14 000 აბონენტზე ვსაუბრობთ. მოწესრიგდა და გრძელდება სასმელი და საირიგაციო წყლის სისტემის რეაბილიტაცია. ასევე, ყოველი ზამთრის განმავლობაში, ჩვენ ყველა ოჯახს ვეხმარებოდით გამოზამთრებისთვის შეშის ვაუჩერით და ფულადი ვაუჩერით“.-განაცხადა ციხელაშვილმა.

კონფლიქტის ზონაში მდებარედ სულ 62 სოფელი ითვლება. აქედან შიდა ქართლში ასეთი კატეგორიის 56 სოფელია. ამ სოფელბში ხელოვნური ბარიერების გამო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან წვდომა და სხვა რესურსებით სარგებლობა შეზღუდულია.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების პროცესი 2014 წელს დაიწყო და უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის სულ 13 913 აბონენტია გაზიფიცირებული. გარდა ამისა, 45 სოფელის ელექტროენერგიით უზრუნველყოფაც მოხდა.