გურჯაანში 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრეს

814

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისათვის თვითმმართველობის საკითხებსა და რეგიონული პოლიტიკის შესახებ დისკუსია ჩატარდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

თვითმმართველობის საკითხებში მოწვეულმა ექსპერტმა კოტე კანდელაკმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო, თუ რას ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავი. მან, ასევე, ისაუბრა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა შეიმუშავა. დოკუმენტის მთავარი მიზანია დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, რომელიც ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.

ექპერტის შეფასებით, სამოქმედო გეგმამ კონკრეტული შედეგი უნდა გამოიღოს, რომელიც გულისხმობს ადგილობრივ დონეზე ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული მმართველობის სისტემის დამკვიდრებას.

სადისკუსიო შეხვედრა პროექტის ,,რეგიონული განვითარება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში ,,მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით GIZ-ის (Deutsche GesellschaftfürInternationaleZusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.