დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რეგისტრის სამი წლის მონაცემები გააანალიზა და წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
“გურიის მოამბის” ცნობით, სამი წლის მონაცემების მიხედვით, 2015-2017 წლებში საქართველოში კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 8 700 – 11 000-ის ფარგლებში მერყეობდა. მაგალითად, 2017 წელს კიბოს 8731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (სრულიად საქართველოს მასშტაბით).
2017 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყოველ 100 000 ადამიანზე კიბოს 234 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. განსაკუთრებით საგულისხმოა ქალებში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების რაოდენობა.
ბოლო სამი წელია, ქალებში რეგისტრირებულ კიბოს ახალ შემთხვევებს შორის ფარისებრი ჯირკვლის კიბო მეორე ადგილზეა. NCDC-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, ქალებში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ასეთი სიხშირე სხვა ქვეყნებში არ გვხვდება.
მაგალითად, 2017 წელს ქალებში ავთვისებიანი სიმსივნის 4 937 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან პირველ ადგილზე სარძევე ჯირკვალია (1 541 შემთხვევა), მეორეზე კი ფარისებრი ჯირკვალი (721 შემთხვევა).
რეგისტრში მოცემულია ინფორმაცია იმ 18 მუნიციპალიტეტის შესახებ, რომლებშიც კიბოს ინიციდენტობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.
18 მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა ოზურგეთისა (370) და ახალციხის (344) მუნიციპალიტეტებში.