“ტენდერი, სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობის გასაგრძელებლად, უახლოეს დღეებში ისევ გამოცხადდება”, – გორის ვიცე-მერის ინფორმაციით, წინა ტენდერი იმიტომ ჩაიშალა, რომ მონაწილე კომპანიამ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა ვერ შეძლო.
“უახლოეს დღეებში აუცილებლად გამოცხადდება ხელახალი ტენდერი და იმედი გვაქვს, რომ გამარჯვებული კომპანია დაზუსტებულ დოკუმენტაციას წარმოადგენს. როგორც ვიცი, კახეთში დაფუძნებული კომპანია მონაწილებდა ამ ტენდერში და თუ არ ვცდებ,ი ხარჯთაღრიცხვა ვერ დააზუსტეს“, – განმარტა გელა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო, თუმცა იმ დროს ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ ვერ შეძლო აღებული ვალდებულებების შესრულება. კანონმდებლობის საფუძველზე, გორის მერია იძულებული გახდა შეეწყვიტა მასთან ხელშეკრულება. ხელახალი ტენდერი კი გორის მერიამ მიმდინარე წლის 27 ივნისს გამოაცხადა.
ამჟამად ქალაქ გორში არსებული 18 საბავშვო ბაღი 3 220 აღსაზრდელს ემსახურება.