გორის მუნიციპალიტეტის მიერ სადგურის დასახლებაში, საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ამხანაგობა “აითიემი” გორის მერიის მიერ დისკვალიფიცირებულია. “აითიემი” გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში უკონკურენტოდ მონაწილეობდა და საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულებას 430 777 ლარად კისრულობდა.
“ფასით კი მოვიგეთ, მაგრამ, რომ გადავხედეთ ხარჯთაღრიცხვას აღარ დავადასტურეთ. ძალიან ბევრი პრობლემა და ცდომილება იყო, რის გამოც ტენდერზე ჩვენ თვითონვე ვთქვით უარი“, – აღნიშნა ამხანაგობა “აითიემის“ წარმომადგენელმა, ლევან ბიძინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო, თუმცა იმ დროს ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ ვერ შეძლო აღებული ვალდებულებების შესრულება. კანონმდებლობის საფუძველზე, გორის მერია იძულებული გახდა შეეწყვიტა მასთან ხელშეკრულება. ხელახალი ტენდერი კი გორის მერიამ მიმდინარე წლის 27 ივნისს გამოაცხადა.
ამჟამად ქალაქ გორში არსებული 18 საბავშვო ბაღი 3 220 აღსაზრდელს ემსახურება.