ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით,მან პირადად მისცა მერიას მითითება, გარკვეულიყვნენ ზუგდიდის ახლადგარემონტებული ბულვარის ნაწილის დატბორვის მიზეზებში. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, პრობლემა წყლის საწრეტს შეექმნა, რომელიც საყოფაცხოვრებო ნაგვით იყო ამოვსებული. მისი მტკიცებით, პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება.
„როგორც მეუბნებიან ამის გამოსწორება დიდი დანახარჯების გარეშე მოხდება. სავარაუდოდ ეს ხარჯები არ გაცდება 1000 ლარს. ძალიან მოკლე დროში ეს პრობლემა იქნება მოხსნილი“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 6 თვის ანგარიშის წარდგენაზე.
მას შეხვედრაზე შეკითხვა დაუსვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ ადგილობრივი ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ფრაქციის მიერ ინიცირებული საკითხების ჩამონათვალზე მეტად ანგარიშის წარდგენაზე სურდა მოესმინა თუ რა გააკეთეს საკრებულოს კომისიებმა მერიის საქმიანობის გაკონტროლებისთვის, რადგან ეს მათი უმთავრესი ფუნქაიაა.
არჩილ თოდუამ კითხვის დასმისას მაგალითად მოიყვანა ახლადგარემონტებული ზუგდიდის ბულვარის დატბორვის შემთხვევა. დაინტერესდა დადგა თუ არა კომისიის დღის წესრიგში ეს საკითხი და საკრებულომ თუ მოსთხოვა მერიას პასუხი.
მამუკა წოწერიამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის საპასუხოდ ასევე განმარტა, რომ ჩატარებული სამუშაოს შესახებ მერიისგან იღებს ანგარიშს, როგორც ფორმალურად ისე არაფორმალურად. მისივე განმარტებით, ასე მოხდა ბულვარში დაფიქსირებული პრობლემის შემთხვევაშიც.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ბულვარში, რომლის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზეც 789 970,49 ლარი დაიხარჯა, წვიმისას წყალი გუბდება, რის გამოც მოქალაქეებს ბულვარში გადაადგილების პრობლემა ექმნებათ.