ქუთაისში, ასათიანის ქუჩის პროექტირებაზე მუშაობა იწყება

956

წინა სტატია

ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე ღვარსადენისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ფირმამ მიიღო. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

თბილისში რეგისტრიტებულმა ფირმამ “შპს პროექტი” განაცხადი წინადადებების მიღების დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა. კომპანიამ შესყიდვის სავარაუდო თანხაზე 1100 ლარით ნაკლები თანხა დააფიქსირა. ის  სამუშაოების შესრულებას  8900 ლარის სანაცვლოდ  გეგმავს.  ელექტრონული ტენდერის თანახმად, სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად  10 000 ლარია დაფიქსირებული.

ამ ეტაპზე დოკუმენტების შერჩევა- შეფასების პროცესი დაიწყო. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, კომპანიას სამუშაოების შესრულებისათვის 45 დღე აქვს. სავარაუდოდ, მერიას პროექტი სექტემბერში ექნება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება.

ქუთაისის მერია გზის რეაბილიტაციის დასრულებას 2018 წლის ბოლომდე გეგმავს. 

შეგახსენებთ, ასათიანის ქუჩაზე სამუშაოები 2015 წელს დაიწყო. მოხდა წყლის სისტემის შეცვლა, ასევე მოეწყო ღვარსადენები. წლების განმავლობაში დაზიანებულმა საგზაო ინფრასტრუქტურამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.  ამასთან, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო თურქული კომპანია SMK მრავალჯერ გახდა კრიტიკის ობიექტი, ხოლო მერიის ააიპის “სპეციალური სერვისების” საქმე, რომელიც ღვარსადენების მოწყობას ახდენდა, პროკურატურას გადაეცა.