სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტი დაინერგება

746

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ბრენდირების“ სახელმწიფო პროგრამა იწყება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ახელმწიფო პროგრამა გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვაში ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე მათთვის მარკეტინგული მასალების მომზადებას და ბრენდირებას.

უწყების ინფორმაციით, როგრამის ფარგლებში, მომსახურების შესყიდვა განხორციელდება, რომელიც კოოპერატივების კუთვნილ საწარმოში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვას მოიცავს. პროგრამაში ჩართვა შეეძლებათ მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთაც საკუთრებაში გააჩნია რძის გადამამუშავებელი საწარმო. სამინისტროს ინფორმაციით, მათი მხრიდან თანამონაწილეობის თანხა შეადგენს მომსახურების ღირებულების 10%- ს .

პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო დაეხმარება წარმოებული პროდუქციისათვის შეფუთვის დიზაინის, სასაქონლო ნიშნის, ლოგოს დიზაინის და სხვა მარკეტინგული მასალების შექმნის პროცესში. ბრენდირების კომპონენტში გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმოებული პროდუქციისათვის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო დანადგარის შესყიდვაში 70%-იანი თანადაფინანსება.

სამინისტროს ცნობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და მათი წარმოებული პროდუქციის ბრენდირება, ხელს შეუწყობს კოოპერატივების პოტენციალის გაძლიერებას, მათი ეფექტურობის და მდგრადობის ამაღლებას.