თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბექა დავითულიანის განცხადებით, გენგეგმის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არასწორია. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
“ბოლო ორი დღის განმავლობაში მედიას გადავხედე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან გენგეგმის პროექტში მნიშვნელოვანი პრობლემები ვერ ნახეს და დოკუმენტისთვის გენგეგმასთან პირდაპირ კავშირში არ მყოფი მცირე თემატიკის მიწებებას ცდილობენ, რათა გენგეგმის ნეგატივიზაცია მოხდეს. მგონი არასწორი მცდელობაა კოლეგებო. გთხოვთ, პროცესები ერთმანეთისგან გავმიჯნოთ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
დავითულიანმა ნაციონალური მოძრაობის წევრს, დეპუტატს ირაკლი ნადირაძესაც უპასუხა. მისი თქმით, სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდა არის ინდივიდუალური და საგამონაკლისო წესი.
“საქმე ეხება კონკრეტულად ცენტრალურ უბნებში (გარდა ისტორიული არეალებისა) კოეფიციენტის გაზრდას, თუ იქ ავარიული და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. მე მგონი, ამ ნაწილშიც მხოლოდ კარგისკენ მივდივართ და მით უმეტეს, ამის რაღაცნაირად გენგეგმასთან დასინქრონება და ამით გენგეგმის ნეგატივიზაციის მცდელობა, არასერიოზულია. არა მხოლოდ ეს, იყო სხვა თემებიც, რომელთა დაკავშირებაც ოპოზიციას სურდა გენგეგმასთან. გენგეგმა ნამდვილად უნდა იყოს პოლიტიკური და პარტიულ დღის წესრიგზე ბევრად მაღლა მდგომი დოკუმენტი“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ მერსა და თბილისის მთავრობას არ უნდა ჰქონდეს კოეფიციენტების გაზრდისა და სპეციალური ზონალური შეთანხმებების გაცემის უფლება. “ეს ნიშნავს, რომ ქალაქს ბენზინი გადავასხათ და ასანთი მივცეთ ბავშვებს“, – თქვა ნადირაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს 4 ივლისს გადაუგზავნა. მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე კი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.
ამასთან, 5 ივლისს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშობა ოფიციალურად დაიწყო.
გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.