ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და სამუშაო პროცესის გადაღება აკრძალეს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
სამუშაო პროცესის გადასაღებად “ქუთაისიპოსტის” ჟურნალისტი ორი საათის წინ მივიდა. ადგილზე მყოფმა დარაჯმა კი განუცხადა, რომ ღობის იქით შესვლის და გადაღების უფლება არ ჰქონდა.
“ქუთაისიპოსტი” სიტუაციის გასარკვევად ფონდ “ქართუს” პროგრამების ხელმძღვანელს ვახტანგ ცაგარელს დავუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა აკრძალვების შემოღება.
“რატომ უნდა გადაიღოთ, როცა დაიწყება ინტენსიური სამუშაოები ყველაფერს შეგატყობინებთ. ოფიციალურად შეხვალთ და გაიღებთ. ჩვენ გაქვს ნათქვამი, რომ არავინ შეუშვან, იმიტომ კი არა, რომ ეს არის საიდუმლო ობიექტი, უბრალოდ, ის პროცესები რაც თქვენ გაინტერესებთ დაიწყება უახლოეს დღეებში”, – განმარტა ვახტანგ ცაგარელმა.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ცაგარელი ჯერ კიდევ 2017 წლის ივლისში ამბობდა, რომ ადგილზე ერთ თვეში კამპუსების მშენებლობა დაიწყებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა, იმ დროისთვის უნივერსიტეტის პროექტიც არ არსებობდა.
მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არ დაუკონკრეტებიათ. განაცხადეს მხოლოს ის, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.
60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის მშენებლობისთვის 500 მილიონ ლარამდე უნდა დაიხარჯოს, რომელსაც სრულად აფინანსებს ფონდი “ქართუ”.