თუშეთში ტურისტული საინფორმაციო პუნქტი გაიხსნა, რომელიც მიზნად ისახავს სერვისების გაუმჯობესებასა და მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობას. საინფორმაციო პუნქტის ერთ-ერთი ფუნქცია იქნება მოხალისეობაზე დაფუძნებული ფინანსური თანამონაწილეობის პრაქტიკის გაცნობა თუშეთში ჩასული ტურისტებისა, თუ ვიზიტორებისათვის. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
გახსნის დღეს საინფორმაციო პუნქტს ბელორუსიელი მოგზაურები ეწვივნენ, რომლებმაც პირველი ფინანსური დახმარება გაიღეს. ჯგუფმა საჩუქრად მიიღო პროექტის ფარგლებში დამზადებული თუშეთის ტურისტული რუკები.
პროექტის მსვლელობის ორი თვის განმავლობაში, ტურისტული საინფორმაციო პუნქტი იფუნქციონირებს საპილოტე რეჟიმში, ხოლო მისი ოპერატორები და ინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებელი პირები CENN-ის თანამშრომლები ლევან გაგოშვილი და მამუკა ომიაძე იქნებიან.
საინფორმაციო პუნქტი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტომას პერნიცკიმ, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციისა და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა გახსნეს.