ევროსაბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები თიანეთის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა და გამგებლის მრჩეველმა გენდერული პოლიტიკის საკითხებში თამთა მეგრელიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას წარუდგინეს გამგეობის მიერ ევროსაბჭოს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი “ეთიკა საჯარო სამსახურში”.
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, პროექტის ფარგლებში სპეციალური საფოსტო ყუთები განთავსდა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ზარიძეების ადმინისტრაციულ შენობასთან. საფოსტო ყუთი დაიდგმება კიდევ ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა საფოსტო ყუთში განათავსოს წერილი, რომლის ადრესატიც იქნება უშუალოდ მუნიციპალიტეტის გამგებელი. ეს იქნება მარტივი და პირდაპირი წერილობითი სახის გზავნილი თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან.
“თქვენი მოსაზრება, თქვენი მონაწილეობა, თქვენი აზრი მნიშვნელოვანია! თითოეული თქვენგანის აზრი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ამდენად ეს ყუთი იქნება ჩემი და თქვენი უშუალო კომუნიკაციის საშუალება”, – განაცხადა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა.
პროექტის ფარგლებში სპეციალურად მოწვეული კვალიფიციური ტრენერები, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით, შეიმუშავებენ ეთიკის კოდექსს, რომელიც იქნება მორგებული კონკრეტულად თიანეთის მუნიციპალიტეტზე, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე.
წყარო: ეთანიუსი