საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის სოფელ ჭუბერში ცენტრალური გზა გაწმენდილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარე ნენსკრას კალაპოტის გამაგრებითი სამუშაოები, რათა არ მოხდეს გზების განმეორებით დატბორვა.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები დროებითი ხიდების განსათავსებლად. ადგილზე მობილიზებულია 10-ამდე ერთეული მძიმე ტექნიკა და დეპარტამენტის სპეციალისტები სტიქიისა და ნაპირდაცვის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისის სტიქიის შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა.
სოფელ ჭუბერში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები.
ადგილზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალაც, რომლებიც სტიქიის ზონაში მუშაობდნენ. ამასთან, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.