მიკროავტობუსებმა თბილისში, შესაძლოა, მხოლოდ მოკლე სამარშრუტო ხაზებზე იმოძრაონ

1032

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორების რეკომენდაციით, მიკროავტობუსები დედაქალაქში მხოლოდ მოკლე სამარშრუტო ხაზებზე უნდა მოძრაობდნენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა, მიკროავტობუსები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე არ უნდა გადაადგილდებოდნენ და მათ მოსახლეობა საცხოვრებელი უბნებიდან ავტობუსების გაჩერებებთან ან მეტროსადგურების სიახლოვეს უნდა მიჰყავდეთ.

„მიკროავტობუსებთან დაკავშირებით, ჩვენი შეთავაზებაა, რომ ქალაქის მთელ ტერიტორიაზე კი არ გადაადგილდებოდნენ, არამედ, საცხოვრებელ უბნებში იყვნენ და მათ მოქალაქეები ავტობუსების გაჩერებებთან ან მეტროსადგურების სიახლოვეს მიჰყავდეთ. მოკლე ხაზებზე იმუშაონ და არა მთელ ქალაქში. მათი დაფარვის არეალები საგარეუბნო ზონები და დიდი საცხოვრებელი დასახლებები უნდა იყოს. უნდა იყოს გადაჯდომის ადგილები. გარკვეულწილად ეს ეხება ერთიანი გაბილეთიანების სისტემას, მაგრამ ამის სტრატეგიაც შესამუშავებელია. ამიტომ ვამბობთ, რომ ერთიანი სისტემა უნდა შემუშავდეს ტრანსპორტის ყველა სახეობისთვის“, – განაცხადა სალუქვაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაციის დაგეგმვა მერიამ 2018-2019 წლებში უნდა მოახდინოს, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობისთვის (ძირითადი, მეორეული და მესამეული საავრობუსო ქსელი და მიკროავტობუსები) იერარქიის მიხედვით სამარშრუტო ქსელში როლის განსაზღვრას, მარშრუტების დადგენას, საჭირო მოცულობებისა და სიხშირეების განსაზღვრას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობების ერთმანეთში ინტეგრირებას გულისხმობს. ამავე პერიოდში, მერიამ ტრანსპორტის მოდელიც უნდა შეიმუშაოს, რაც გზათა ქსელის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს, ფუნქციური ზონირების რუკას, სამანქანო და მგზავრთნაკადების მონაცემებს მოიცავს. ტრანსპორტის განვითარების გეგმა კი, მერიამ 2019-2022 წლებში უნდა წარმოადგინოს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს 4 ივლისს გადაუგზავნა. მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე კი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

ამასთან, გუშინ თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშობა ოფიციალურად დაიწყო.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.