ელიავას ბაზრობის მეწილეები ტერიტორიის შეცვლაზე უარს აცხადებენ

1185

წინა სტატია

ელიავას ბაზრობის მეწილეები ტერიტორიის შეცვლაზე უარს აცხადებენ. ამის შესახებ “ქრონიკას” ერთ-ერთმა მესაკუთრემ, თეა ანდრიაძემ განუცხადა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

მისი თქმით, ელიავას ბაზრობის განვითარება მეწილეების ინტერესებშიც შედის, თუმცა იმედს გამოთქვამენ, რომ ყველაფერი არსებულ ტერიტორიაზე მოხდება. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტს ახლა საკრებულოს ფრაქციები განიხილავენ.

თბილისის მერის განცხადებით, საკუთრების უფლება ხელშეუხებელია და ტერიტორიაზე მეწილეებთან შეთანხმების გარეშე არაფერი შეიცვლება. უახლოეს მომავალში კახა კალაძე ელიავას ბაზრობის მესაკუთრეებს შეხვდება.

რაც შეეხება ალტერნატიულ ტერიტორიას, თბილისის მერის თქმით, მეპატრონეებთან შეხვედრისას მოსაზრებების გაიზიარებენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ელიავას ბაზრობას და მიმდებარე ტერიტორიას საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს 4 ივლისს გადაუგზავნა. მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე კი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

ამასთან, გუშინ თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშობა ოფიციალურად დაიწყო.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.