გენგეგმის თანახმად, საწარმოებს, შესაძლოა, წყლის ხარჯვის ლიმიტი დაუწესდეთ

761

სამრეწველო საწარმოებს, შესაძლოა, წყლის ხარჯვის ლიმიტი დაუწესდეს. როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშია ნათქვამი, „მიზანშეწონილია დაწესდეს ყველა სამრეწველო საწარმოსთვის სასმელ-სამეურნეო წყლის ხარჯვის ლიმიტი და საჯარიმო სანქციები ლიმიტის ზევით დახარჯული წყლის ყოველ ერთეულზე“. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

გენგეგმის თანახმად, მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი მაგისტრალურ, გამანაწილებელ და შიდა ქსელემბზე არსებული გაჟონვები. წყალმომარაგების სისტემების გასხვისების არეალებისა და სხვა მათთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინება კი სავალდებულოა ყველა დაგეგმილი თუ დასაგეგმი მშენებლობისათვის.

რაც შეეხება თბილისის ზღვას, გენგეგმაში აღნიშნულია, რომ იგი წარმოადგენს დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის განუყოფელ ნაწილს და სტრატეგიული მნიშვნელობის ელემენტს, ამდენად, ყველა განვითარება, რომელიც ხდება უშუალოდ ზღვის მიმდებარედ ან გულისხმობს შესაძლო გავლენას წყლის ხარისხზე ან წყალმომარაგების საოპერაციო მაჩვენებლებზე, უნდა შეთანხმდეს თბილისის ზღვის დაცვითი პირობების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.

გენგეგმის ავტორების აზრით, ხელი უნდა შეეწყოს სამრეწველო საწარმოების გადაყვანას საცირკულაციო და წყლის განმეორებითი გამოყენების სისტემაზე, შესაძლებლობის შემთხვევაში, მოეწყოს დამოუკიდებელი ტექნიკური წყალსადენები.

ამასთან, ქალაქის ცენტრალურ და შუალედურ სტრუქტურულ ზონებში, იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი სამშენებლო ობიექტის განთავსება სხვა ობიექტების წყალმომარაგების პირობების გაუარესებას იწვევს, ნებართვის გაცემის პროცესში გათვალისწინებელი უნდა იქნას შესაბამისი მაკომპენსირებელი მექანიზმები.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს გუშინ გადაუგზავნა. მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე კი  დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

ამასთან, დღეს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშობა ოფიციალურად დაიწყო.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.