ქუთაისში ჯაჭვის ხიდზე 23 წლის წინ დამონტაჟებულ ფოტოებს შეცვლიან

1397

ქუთაისში ჯაჭვის ხიდზე 1995 წელს დამონტაჟებული ფოტოები რამდენიმე დღის წინ ჩამოხსნეს და ახლით შეცვლიან. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ფოტოები მზისგან იყო გახუნებული და მათი შეცვლა უახლოეს ხანში მოხდება. მათი თქმით, შეცვლილი ფოტოები იგივე ილუსტრაციებით იქნება.

აღსანიშნავია, რომ ფოტოებზე ძველი ჯაჭვის ხიდია გამოსახული.

ამასთან, ამჟამად ხიდს არც ლამპიონები აქვს. მერიაში ამბობენ, რომ მათ შესაცვლელად ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ის 10 დღეში დასრულდება.

ჯაჭვის ხიდის ძირითადი საყრდენი 1770 წლით თარიღდება. მათზე თავდაპირველად ხის ხიდი ააუგიათ. ის არქიელის ხიდად იწოდებოდა.

1850-იან წლებში, ჯაჭვებზე დაკიდებული ხის “ფერმის” აგების შემდეგ, ხიდს დღევანდელი სახელი შეერქვა. 1869 წელს ფურგონების გადასვლისას ხიდი ჩაწყდა. ის ოდნავ მოგვიანებით, 1884-85 წლებში, ქალაქის ხარჯით აღადგინეს. ინგლისში დამზადებული ლითონის ფერმა ხიდზე ინჟინერმა ზალსკიმ დაამონტაჟა.

ერთ-ერთი ვერსიით, ინგლისური გემისაა ხიდის ჯაჭვებიც, რომლებიც ქალაქ ფოთიდან ჩამოუტანიათ.

ფოტო: “ქუთაისი პოსტი”