ფოთში თანამედროვე სტანდარტების წყალარინების ქსელის მოწყობის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის აზიის განვითარების ბანკმა 133 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. პროექტების მიმდინარეობის ტემპი და სამუშაოების ხარისხი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა, ADB-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ჰელმუტ ფიშერთან ერთად შეამოწმა.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, დღემდე, ფოთის მოსახლეობის 60% კანალიზაციის სისტემით ვერ სარგებლობს, ამორტიზებულია გამწმენდი ნაგებობაც. მიმდინარე პროექტები ითვალისწინებს 145 კმ. ქსელის მოწყობასა და 28 ერთეული სატუმბი სადგურის მშენებლობას. გარდა ამისა, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა.
უწყების ცნობით, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტები მიმდინარეობს: ფოთში, ურეკში, ანაკლიაში, ზუგდიდში, თელავსა და წყალტუბოში. პროექტების დასრულების შემდეგ შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება, გაუმჯობესდება სანიტარული ნორმები და 160 000 ადამიანს გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები. ქობულეთში გამწმენდი ნაგებობა უკვე ფუნქციონირებს, შედეგად, 25 000 ადამიანს გაუუმჯობესდა საცხოვრებელი პირობები. დაგეგმილია სამშენებლო სამუშაოები საქართველოს 20 ქალაქში, მათ შორის: ქუთაისში, მესტიასა და ჭიათურაში.