თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ შაქარიშვილმა მიწისქვეშა პარკინგის საკითხზე განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, პარკირების საკითხი ბოლო პერიოდში პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა.
„ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი ქალაქისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. კარგად გვესმის, რომ მხოლოდ საბიუჯეტი, მხოლოდ მუნიციპალური სახსრებით ამ პრობლემის წინაშე ბრძოლაში დედაქალაქი ვერ იქნება ეფექტური,“- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პარკირების სისტემის მოწესრიგებისთვის მუნიციპალიტეტმა უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები.
შაქარიშვილმა აღნიშნა, რომ მერიამ მიიღო გადაწყვეტილება ბიზნესისთვის გარკვეული ეკონომიკური მოდელები შეეთავაზებინა, სადაც კერძო საჯარო პარტნიორობის საფუძველზე ქალაქისთვის დამატებითი საპარკინგე ინფრასტრუქტურა შეიქმნებოდა, თუმცა ამ მოდელებით ბიზნესი, სამწუხაროდ, არ დაინტერესდა.
„ეს იყო კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება იმისა, რომ გასულ პერიოდში ოპონენტების მხრიდან სპეკულაციებს ჰქონდა ადგილი პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით, სადაც რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის შედეგად უკვე იქმნება დამატებითი საპარკინგე ინფრასტრუქტურა და ეს საპარკინგე ადგილები იქნება ჩვენი მოქალაქეების სარგებლობაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს იყო ქალაქისთვის სასარგებლო და ბიზნესის მხრიდან საქველმოქმედო პროექტი“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.
ახტანგ შაქარიშვილმა ყველას მოუწოდა ამ საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციები დასრულდეს.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მზად ვართ გადავხედოთ პირობებს და დამატებითი ბენეფიტები შევთავაზოთ ბიზნესს, რომ კიდევ უფრო რაციონალური და მიმზიდველი იყო ბიზნესისთვის. მზად ვართ კონსულტაციებისთვის, რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს აღნიშნული მოდელები, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე იქნება მორგებული და საინტერესო ბიზნესისთვის,“- თქვა შაქარიშვილმა.