სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის აპრილ-მაისში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 5 688 პოლისია გაცემული. გაცემული პოლისების რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით, 47%-ით, 2016 წელთან შედარებით 19%-ით შემცირდა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
როგორც აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერმა ნატალია ხარატიშვილმა თქვა, ბენეფიციართა რაოდენობის კლება აგროდაზღვევაში განხორციელებულმა ცვლილებებმა გამოიწვია.
„ახალი წესებით, აპრილიდან აგროდაზღვევით სარგებლობა მხოლოდ იმ ფერმერებს შეუძლიათ, რომლებსაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვთ საჯარო რეესტრში. ზოგადად, მიწის რეგისტრაციის სავალდებულოობის კომპონენტი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია. საკადასტრო მონაცემები მოწესრიგება ინვესტიციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ამ მონაცემების დაზუსტება აუცილებელია ჩვენი პროექტისთვისაც. მოგეხსენებათ, აგროდაზღვევა ყოველ წელს კონკრეტული დადგენილებით ხორციელდება და არის ერთწლიანი. ახლო მომავალში კი გრძელვადიან მოდელზე გადასვლას ვაპირებთ“, – აღნიშნა ნატალია ხარატშვილმა.
აგროდაზრვევის პროექტის მენეჯერის ინფორმაციით, ყველაზე დიდი რაოდენობის პოლისი კახეთის რეგიონშია გაცემული, მეორე ადგილზე კი შიდა ქართლია.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.