გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტს იწყებს.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირთა აღრიცხვა, რაც შექმნის მნიშვნელოვან საინფორმაციო ბაზას და გააჩენს შესაძლებლობას, მიზნობრივი და სხვადასხვა მასტიმულირებელი პროექტის/პროგრამის განხორციელებისთვის სამიზნე ჯგუფები სწორად იქნეს შერჩეული.
პროექტის ბიუჯეტი 1 300 000 ლარს შეადგენს და მისი პირველი ეტაპის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
“მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტი თანხვედრაშია “ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის” (ENPARD II-ის) შეთანხმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულების შესრულებასთან. აღნიშნული ვალდებულება ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით, არაუგვიანეს 2018 წლისა, ფერმათა/ფერმერთა რეესტრში 100 000 ფერმის/ფერმერის რეგისტრაციას.
ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის განხორციელების მიზნით, სააგენტოსთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება უნდა უზრუნველყონ სახელმწიფო სააგენტოებმა და ორგანიზაციებმა, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა სახის ბაზები. მოძიებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტო განახორციელებს ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებელი პირების იდენტიფიცირებასა და კლასიფიკაციას. მიღებული ინფორმაციის გადამოწმება, დაზუსტება და შემოდგომ დადასტურება განხორციელდება სააგენტოს მიერ, სატელეფონო გამოკითხვის გზით“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პირველ ეტაპზე ფერმათა/ფერმერთა რეესტრში დასარეგისტრირებლად დაკავშირება მხოლოდ ისეთ პირებთან, რომელთაც რეგისტრირებულ საკუთრებაში/სარგებლობაში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელთა ჯამური ფართობი შეადგენს არანაკლებ 0,25 ჰა-ს და ამავდროულად არიან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო პროექტის/პროგრამის ბენეფიციარები ან სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო მომსახურებით.