სტუდენტებმა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს 11 საპროექტო წინადადება წარუდგინეს

828

უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი, ავტობუსები მცირეკონტიგენტიანი სკოლებისთვის, წყალი, საკანალიზაციო სისტემა და განახლებადი ენერგიები – რაზე მოამზადეს სტუდენტებმა ექსპედიციის დასრულების შემდეგ საპროექტო წინადადებები. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ექსპედიციაში მონაწილე სტუდენტებმა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს კახა სამხარაძეს ახალციხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელად 11 საპროექტო წინადადება წარუდგინეს.

პირველი რაზეც ახალგაზრდებმა ყურადღება გაამახვილეს, სამცხე–ჯავახეთის უნვიერსიტეტის სტუდენტური საერთო საცხოვრებელია. მათი თქმით, თუ სასწავლებელს სტუდენტური საცხოვრებელი იქნება, ეს ბევრი ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს გადაჭრის: „ახალციხეში ბინებს მაღალი ფასი აქვს და დაქირავება რთულია“.

სტუდეტებმა ქალაქის სასმელი წყლის სათავე ნაგებობაზე ფილტრების შეცვლაზე, ასევე, ახალციხეში საკანალიზაციო ქსელის მოწყობაზეც ისაუბრეს. მათივე თქით, კარგი იქნება, თუ ქალაქში გაიხსნება კინო და ასევე, თვითმმარართველობა განახლებადი ენერგიების გამოყენებაზე ზრუნვას დაიწყებს.

რაც შეეხება სოფლებს, ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ მაღალმთიან დასახლებებში მცირე კონტიგენტიანი სკოლები უნდა დაიხუროს და მოსწავლეებისთვის საჯარო სკოლებში სატარებლად ავტობუსები დაინიშნოს.

აღნიშნული საკითხების ჩამონათვალს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია შეისწავლის და მათ შორის ნაწილს რეგიონის განვითარების სამომავლო გეგმაში ასახავს.

შეგახსენებთ, რომ სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი, თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და 60–მდე სტუდენტთან ერთად, რეგიონის კულტურულ ძეგლებს, ასევე, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ათვალიერებენ და რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ მსჯელობენ. მათ ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტები უკვე მოიარეს.