სიღანაღის მერიიდან სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი დახმარების არასწორად განაწილების საქმეზე გამოძიება დაიწყო

716

სიღანაღის მერიიდან სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი დახმარების არასწორად განაწილების საქმეზე ანტიოკორუფციულმა სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

სიღნაღის მერის გოგი გოგილაშვილის განაცხადებით, სოციალურად დაუცველთა დახმარების კომისის ერთ-ერთმა წევრმა დასახმარებლად განკუთვნილი ერთჯერადად გასაცემი თანხები არასწორად გაანაწილა. კერძოდ, მან დასახმარებელთა სია არასწორად შეადგინა და თანხის გაცემა ერთიდაიგივე ადამიანებზე გააფორმა. თუმცა კანონდარღვევა მერიაში მალევე აღმოაჩინეს და ანტიკორუფციულ სამსახურს აცნობეს.

“მივლინებაში ჩემი ყოფნის დროს, ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაუშვა შეცდომა, არასწორად გადაანაწილა ერთჯერადი სოციალური დახმარების თანხები, რა უზუსტობაც ჩვენვე აღმოვაჩინეთ და დაუყოვნებლივ ანტიკორუფციულ სამსახურს ვაცნობეთ.

მერიაში საგამოძიებო პროცესები უკვე დაიწყო, წაიღეს ფინანსური დოკუმენტაცია, რათა გაირკვეს, რა ოდენობის თანხა გაიცა. ასევე, ჩვენ გვაინტერესებს მსგავსი შეცდომა სხვა დროსაც ხომ არ იყო დაშვებული. თანამშრომელმა, რომელმაც ეს დოკუმენტაცია შეადგინა, ახსნა-განმარტება დაწერა და სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა. რა თქმა უნდა ჩვენ დავაკმაყოფილეთ მისი მოთხოვნა”, – აღნიშნა გოგი გოგილაშვილმა.

სიღნაღის სოციალურად დაუცველთა კომისის თავმჯდომარის თემურ ბალარჯიშვილის თქმით, კომისის წევრმა დასახმარებელთა სია შეცდომით შეადგინა, თუმცა ფულადი დახმარების გაცემა ვერ მოასწრო. ასევე, ბალარჯიშვილი ამბობს, რომ სხვა მსგავსი შემთხვევის თავიდან არიდების მიზნით, აღნიშნულ დარღვევას ანტიკორუფციული სამსახური სწავლობს, რისთვისაც მათ ყველა საჭირო დოკუმენტაცია მერიიდან უკვე წაიღეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ მიღებული, რაზეც შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს.

„მიღებულია ინფორმაცია შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებით. გამოთხოვილია შესაბამისი დოკუმენტაცია და მიმდინარეობს შესწავლა“, – განაცხადეს სუს-ში.