ქუთაისის საკრებულოს 27 ივნისის სხდომაზე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ ღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის განხილვის გადადება მოითხოვა, რაც ოპოზიციამ საბოტაჟად შეაფასა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.
შენგელიას მოთხოვნა საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში ცვლილებების შეტანის საკითხს ეხებოდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, ის საკითხის უკეთ მომზადებასა და მის საკრებულოს შემდგომ სხდომაზე განხილვას ითხოვდა.
მისი მოთხოვნა საკრებულოზე კამათის და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა.
მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის განმარტებით, საპრივატიზაციო სიაში კონკრეტული ობიექტები ვერ მოხვდა რამდენიმე მიზეზის, მათ შორის ამ ობიექტებისათვის სკვერის სტატუსის შესაძლო მინიჭების გამო.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბესიკ ბრეგაძემ შენგელიას მოთხოვნა მერიისათვის ხელის შეშლის მცდელობით და შესაძლო პირადი ინტერესით ახსნა. “ნაციონალურ მოძრაობას დებდნენ ხოლმე ბრალს საბოტაჟში, როცა რაიმე საკითხის მომზადებასა და დასამტკიცებლად ისე გამოტანას ვითხოვდით. ახლა შენგელიას მოთხოვნას სხვას ვერაფერს დავარქმევ, თუ არა საბოტაჟს და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ხელის შეშლის მცდელობას”,- განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.
პირად ინტერესებს გამორიცხავს ირაკლი შენგელია და განმარტავს, რომ საჭირო იყო წარმოდგენილ ნუსხას რამდენიმე ობიექტი დამატებოდა, თუმცა დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა. საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის ერთი ნაწილი შენგელიას მოთხოვნის არგუმენტებს ითხოვდა, თუმცა გარკვეული პასუხი ვერ მიიღეს. ამის გამო საკითხისათვის ხმის მიცემაზე თავი შეიკავეს.