როგორია სკოლამდელი განათლების ხარისხი საქართველოში – Uniсef-მა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. საჯარო დაწესებულებებში სკოლამდელი განათლების ხარისხის ანალიზისთვის მკვლევარებმა ადრეული ზრუნვისა და განათლების ხარისხის ევროპული ჩარჩო გამოიყენეს, თავად კვლევა კი ხუთი მიმართულებით ჩატარდა: ხელმისაწვდომობა, პერსონალი, კურიკულუმი (საგანმანათლებლო პროგრამა), მონიტორინგი და მართვა.
როგორც კვლევიდან ირკვევა, 57 მუნიციპალიტეტიდან მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, აღმზრდელთა 44% არაკვლიფიციურია. ამასთან მუნიციპალიტეტების 52.2%-ში სკოლამდელ დაწესებულებებს პედაგოგიური ხედვა ან მიდგომა საერთოდ არ აქვთ.
გამოკითხული დირექტორების 50%-ს არ აქვს ცოდნა და კვალიფიკაცია იმის შესახებ, თუ რა არის ადრეული და სკოლამდელი განათლება და როგორი სერვისები და პროგრამები უნდა იყოს დანერგილი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის განვითარება, განათლება და მზაობა სკოლისთვის.
გარდა ამისა, სკოლამდელ დაწესებულებებში ადრეული ასაკის ბავშვთა ჩართულობის მაჩვენებელი (69,5%) ევროპულ სამიზნე ნიშნულზე (4-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა 95%) დაბალია. კვლევის მიხედვით, ჩარიცხვის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ (33%), სოციალურად დაუცველ (39,7%) და სოფლად მცხოვრებ ბავშვებში(46,8%).
პრობლემაა, ასევე, ინკლუზიური განათლების მიღებაც. როგორც კვლევიდან ირკვევა, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების სკოლამდელ დაწესებულებებში ჩარიცხვის შემთხვევაში, საბავშვო ბაღში სრული ინკლუზიისა და მონაწილეობის თვალსაზრისით, ისინი მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდებიან.
ამასთან, კვლავ პრობლემად რჩება ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობაც. “მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ჩარიცხვის მაჩვენებლები მაღალია, დიდია ბავშვების რაოდენობაც თითო ჯგუფში (მაგალითად, თბილისში თითო ჯგუფზე საშუალოდ 39 ბავშვი მოდის, ზოგიერთ ჯგუფში კი 60-მდე ბავშვია). ჯგუფში ბავშვების სიმრავლე მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხზე. ამდენად, ხარისხისა და პერსონალისთვის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად, ქალაქად, თითოეულ ჯგუფში ბავშვების რაოდენობის შესამცირებლად, მეტი ჯგუფისა და აღმზრდელის საჭიროება იკვეთება”, – ნათქვამია კვლევაში.
გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვის განვითარებისა და სწავლის ხელშემწყობი რესურსების სიმწირეა. საბავშვო ბაღების უმეტესობა წიგნებისა და სათამაშოების შეძენას ვერ ახერხებს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამგვარი რესურსების მოტანის პასუხისმგებლობა მშობლებს ეკისრებათ, ზოგჯერ კი აღმზრდელი მათ საკუთარი ფინანსური სახსრებით იძენს, რადგან სათამაშოებისთვის, ხარჯვადი რესურსებისთვის (როგორიცაა ფანქრები, ქაღალდი და სხვ.), წიგნებისა და სხვა საგანმანათლებლო მასალისთვის ბიუჯეტი თითქმის არ არსებობს.
„ამ რესურსებზე თითო ბავშვზე ყოველწლიურად მინიმალური თანხა იხარჯება: 56 მუნიციპალიტეტიდან მიღებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტების 62.5% 10 ლარზე ნაკლებს ხარჯავს თითო ბავშვზე ყოველ წელს საგანმანათლებლო რესურსებზე (ზოგიერთი მათგანი მხოლოდ 0.73 და 1.11 ლარს ხარჯავს).”, – ნათქვამია კვლევაში.
კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დარგის ანალიზს პოლიტიკის დონეზე (ეროვნული სტანდარტების განხილვა, ინტერვიუები პოლიტიკის შემქმნელებთან და ფოკუსჯგუფები ძირითად მონაწილე მხარეებთან), ყველა მუნიციპალიტეტის (64) რაოდენობრივი გამოკითხვა და 22 ფოკუს ჯგუფი სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში (სულ 124 მონაწილე, მათ შორის, სკოლამდელი დაწესებულებების მენეჯერები, აღმზრდელები, სპეციალური პედაგოგები, ფსიქოლოგები, მეთოდისტები, მშობლები, ლექტორები).
კვლევა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC), საერთაშორისო კონსულტანტის ხელმძღვანელობით, ერთობლივად ჩაატარეს.