პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, 240 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა. “ჩვენი გულის წადილი აუცილებლად ახდება, დავბრუნდებით იქ, სადაც ჩვენ გვეკუთვნის ყოფნა”, – ასე მიმართა ბახტაძემ დევნილებს ბინების გადაცემის ცერემონიაზე.
„თითოეული ჩვენგანისთვის ემოციური დღეა – დღეს 240 ქართული ოჯახი მიიღებს ბინას, მიიღებს ადგილს, სადაც იცხოვრებს. ადგილს, საიდანაც შეძლებენ, რომ ბავშვებმა უსაფრთხოდ იარონ ბაღებსა და სკოლებში. ეს ძალიან მნიშნელოვანია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ შეგვიცვლის ჩვენს მთავარ გულის ტკივილს. დღეს არ არის მოსალოცი დღე, მოსალოცი გვექნება მაშინ, როდესაც აღდგება სამართლიანობა და ყველა დავუბრუნდებით ჩვენს ოჯახებს,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს ახალი ბინებით კიდევ 360 ოჯახი დაკმაყოფილდება, რისთვისაც მშენებლობა უკვე დაწყებულია.
„მე მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ძალიან ნაცნობია ის ტკივილი, რასაც თითოეული თქვენგანი გრძნობს. ჩემი ოჯახის წევრები არიან ოჩამჩირედან. ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი მაქვს გატარებული ოჩამჩირეში და კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. რა უნდა იყოს პასუხი ამ გამოწვევებზე – ამ გამოწვევებზე ჩვენი მხრიდან პასუხი უნდა იყოს ის ერთსულოვნება, ხასიათის სიმტკიცე, რაც თითოეულმა თქვენგანმა აჩვენა და დაგვანახა მომავალ თაობას. დღეს, ამ ახალ შენობაში ორ ბინას მიიღებს ბიგვავების მრავალშვილიანი ოჯახი – მათ ჰყავთ შვიდი შვილი და აი ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე. ერთსულოვნება, ხასიათის სიმტკიცე, გამრავლება და განათლება – როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს წარმატებით გავაკეთებთ, მინდა, თითეულ თქვენგანს სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო და შევპირდე, რომ ჩვენი გულის წადილი აუცილებლად ახდება. ჩვენ დავბრუნდებით იქ, სადაც ჩვენ გვეკუთვნის ყოფნა,“ – თქვა მამუკა ბახტაძემ.