პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია – ზუგდიდი ქალაქის სტატუსს უნდა დაემშვიდობოს

1427
„პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია – ზუგდიდი ქალაქის სტატუსს უნდა დაემშვიდობოს“ – ეს ინფორმაცია „ოდიშინიუსს“ საკუთარმა წყარომ აცნობა. ინფორმაციის თანახმად, მმართველმა ძალამ დღეს თბილისში ზუგდიდის ადგილობრივი ლიდერები დაიბარა, სადაც მათ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. წყაროს თქმით, საქართველოს დედაქალაქში იმყოფება ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზია და ამავე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი კარლო ღადუა; ზუგდიდის მინიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა და ამავე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი გონელ ნაჭყებია. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ზუგდიდიდან ჩასულმა დელეგაციამ დირექტივები მიიღო მმართველი ძალისგან, რომ ქალაქის და რაიონის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება ხმაურის გარეშე მიიღონ და უმრავლესობა ამ საკითხის მიმართ იყოს ერთსულოვანი.
რამდენად შეეფერება აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს და  შედგა თუ არა ეს შეხვედრა თბილისში, ამის დაზუსტებას ჩვენ იმ ადამიანებთან შევეცადეთ, რომლებიც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ წუთებშიც თბილისში იმყოფებიან.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელმა კარლო ღადუამ ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ამ წუთებში ის არ იმყოფება თბილისში და “არის სხვაგან”. კითხვაზე, შედგა თუ არა აღნიშნული შეხვედრა, ესწრებოდა თუ არა ის და რაზე შედგა საუბარი, მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და განაცხადა – “უკომენტაროდ”.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, თვითმმართველობის გაუქმებასთან დაკავშირებით კონსულტაციები და საუბრები უახლოეს მომავალში დაიწყება. მისი თქმით, შესაძლოა ეს იმ კვირიდანაც იყოს. მაიზერ ნანავამ ჩვენთან საუბარში არ უარყო, რომ თბილისში იმყოფება, თუმცა მისი სიტყვებით, “თვითმმართველობის შესაძლო გაუქმების საკითხზე შეხვედრა მმართველ გუნდთან არ შემდგარა”.
ჩვენ შევეცადეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელთან დაკავშირებას, თუმცა გონელი ნაჭყებიას მობილური გამორთული აქვს. საკრებულოს აპარატის უფროსის, ნატა პაპასკირის ინფორმაციით, გონელი ნაჭყებია თბილისში იმყოფება, თუმცა რა მიზნით, ამის შესახებ ის ინფორმაციას არ ფლობს.
ქალაქ ზუგდიდის მერის, ირაკლი გოგოხიას სიტყვებით, “ამის შესახებ მას პირველად ესმის”. მან ჩვენთან სატელეფონო საუბარში არ დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია. ქალაქის პირველი პირის თქმით, ის ამ წუთებში ზუგდიდში იმყოფება.
რაც შეეხება ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს, ნატალია შეროზიამ სატელეფონო საუბრის დასაწყისში გვითხრა, რომ რიკოთზე იმყოფება, თუმცა როგორც კი ჩვენი კითხვა მოისმინა, მან სატელეფონო ხარვეზის მომიზეზებით საუბარი შეწყვიტა და ტელეფონი გათიშა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან დაკავშირება ჩვენ ვერ შევძელით, თუმცა მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაშა გოგია ამ წუთებში მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში იმყოფება.
თბილისური შეხვედრის შესახებ ცოტა ხნის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ბათლომე შელიამ. ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატი წერს:
“ზუგდიდის ქალაქის და რაიონის საკრებულოების უმრავლესობის წევრები, თავმჯდომარეები და მოადგილეები დაიბარეს დღეს თბილისში.
არსებული ინფორმაციით საკითხი ეხებოდა ქალაქის და რაიონის თვითმმართველობების გაერთიანებებს.
ამ წუთებში თბილისიდან ბრუნდებიან… სავარაუდოდ მიღებული აქვთ დავალება საკრებულოებში მხარი დაუჭირონ თვითმმართველობების გაერთიანებას.
რა კომენტარი გინდა გააკეთო…?! ყველაფერს ფასი ეკარგება…
ფეხებზე კიდია ხელისუფლებას ჩვენი ქალაქის ინტერესიც და პოლიტიკური ღირსებაც.
ქალაქის ე.წ. სტატუსის დაკარგვის საკითხზე თანხმობის ნიშნად ხელის აწევა, ადამიანური ღირსების დაკარგვის ზღვარზე გადის საკრებულოს წევრებისთვის და ამ დავალებით ბრუნდებიან ჩემი კოლეგები დღეს ჩვენს ქალაქში…
თქვენ გვაყვედრიდით ამაყად ეს სამი წელი, რომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დაუბრუნეთ ჩვენს ქალაქს და თქვენივე ხელით გიწევთ ამ გადაწყვეტილებაზე ხაზის გადასმა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიწრო პარტიულ ჯგუფში ჩაკეტილმა ქართული პოლიტიკის უზნეო ნაწილმა გადაწყვიტა ასე…
სამარცხვინო გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ!” – დაწერა ცოტა ხნის წინ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ბათლომე შელიამ.