მერიის მრჩეველთა საბჭოს პირველ სხდომაზე ახალციხის პრობლემებზე იმსჯელეს

768

მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, კულტურასა და სპორტში არსებული პრობლემები, ქალაქში ხეების გადაბელვა, გზები და მიუსაფარი ძაღლები – ეს საკითხები წამოჭრეს მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ახალციხის მერთან შეხვედრაზე. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მერიაში მრჩეველთა ახალი საბჭო მას შემდეგ შეიქმნა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შედეგად თემი და ქალაქი გაერთიანდა. მანამდე ახალციხის თემსაც და ქალაქ ახალციხესაც დამოუკიდებელი მრჩეველთა საბჭოები ჰყავდათ.

მრჩეველთა საბჭო, რომელსაც ახალციხის მერი თავმჯდომარეობს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებისა და ახალციხის მცხოვრებლებისგან შედგება. მის მიზანს საზოგადოების თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართვა და სხვადასხვა პრობლემის ერთობლივად გადაჭრა წარმოადგენს.

შეხვედრას საბჭოს 27 წევრიდან მხოლოდ 15 ესწრებოდა. სხდომის დასაწყისში ქალაქის მერმა ზაზა მელიქიძემ, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა, რის შემდეგაც საბჭოს წევრებმა საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.

ქალაქში ხეების გადაბელვის საკითხი წამოჭრა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, მერაბ ბერიძემ: „მე გაოცებული ვარ ამ უაზრო ჭრებით რუსთაველის ქუჩაზე, შუა ზაფხულში როგორ შეიძლება, ბევრი კითხვები ჩნდება და პასუხი უნდა გაეცეს“.

„ეს ხეები, საფრთხის შემცველი იყო, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ისე ტრანსპორტისა თუ სხვა კომუნიკაციებისთვის.ზოგს ტოტები ჰქონდა ხმელი და ყველაზე საშიში ხეები მოვჭერით. რაც შეეხება რუსთაველის ქუჩას, აქ ყველა ხე ხანდაზმული იყო. ჩამომტყდარ ტოტებს ხშირად ავტომანქანებიც დაუზიანებია“, – ასე უპასუხა შეკითხვას ქალაქის მერმა და დასძინა, რომ ქალაქში სულ 200–მდე ხე გადაიბელება, თუმცა მანამდე მერიამ მათი მდგომარეობა დეტალურად შეისწავლა.

ახალციხის საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრა საბჭოს წევრმა, ცირა მესხიშვილმა: „ქალაქში ბევრი პრობლემა დაგროვდა, სარწყავი და სასმელი წყალი, საგზაო ნიშნები. ამის გარდა სხვა საკითხებიცაა, კულტურული და სპორტული დაწესებულებების სიმცირე, ახალგაზრდების თავშეყრის ადგილების არარსებობა, თუნდაც ის, რომ ქალაქის მოსახლეობა ვერ ერთვება კულტურულ ღონისძიებებში, მაგალითად „ახალციხელობის“ დღესასწაულში. მერს ამ საკითხებზე ვესაუბრე და ერთად ვიფიქრებთ, მათი მოგვარების გზებზე“.

ახალციხის მერის თქმით, თვითმმართველობა უკვე მუშაობს იმაზე, რომ მერიას გადმოეცეს რამდენიმე შენობა, რომელსაც შემდეგ კულტურულ და სპორტულ დაწესებულებად აქცევს: „ჩვენი მიზანი მხოლოდ ინფარსტრუქუტურული პროექტები არ არის, კულტურაც პრიორიტეტია და შევეცდებით, ბევრად მეტი ადგილი იყოს ახალგაზრდების გართობისთვის თუ სხვა აქტივობებისთვის“.

საბჭოს წევრებმა ქალაქის მერს ურჩიეს ახალციხეში მდებარე შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის ძეგლებს წარწერები გაუკეთდეს, ერთ–ერთმა საბჭოს წევრმა ომარ ჯაყელმა კი ზაზა მელიქიძეს ქალაქში გიორგი ბრწყინვალეს ძეგლის დადგმაც შესთავაზა.

„გიორგი ბრწყინვალემ ჩვენი მხრისათვის ბევრი გააკეთა და მგონი ამას იმსახურებს“,– აღნიშნა ომარ ჯაყელმა.

ახალციხის მერიაში მრჩველეთა საბჭოს სხდომა სამ თვეში ერთხელ გაიმართება.