ქალაქ გორში გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მეორედ გამოაცხადეს. რის გამოც, ქუჩაზე მდებარე სამრეცხაოების ხელმძღვანელებს ობიექტების დემონტაჟი მოუწევთ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ერთი თვის წინ, ანალოგიურ პროექტზე ტენდერი იყო გამოცხადებული, თუმცა მონაწილეობა არც ერთმა კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო. ხელმეორე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 15 ივლისამდე გამოავლენენ.
სამუშაოების დაწყებისთანავე ავტოსამრეცხაოებს აიღებენ. ქალაქის ხელისუფლება მათ მფლობლებელებს სამრეცხაოების გადასატანად სხვა ალტერნატიულ ფართს სთავაზობს.
ადმინისტრაციის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები მოიცავს მონაკვეთს, კახნიაშვილის ქუჩისა და ,,26 მაისის სანაპიროს“ შორის, სულ 360 მ სიგრძეზე. ასევე, მოწესრიგდება საკათედრო ტაძრის (ყოფილი ფრანგების ეკლესია) მიმდებარე ტერიტორია.
სამუშაოებისთვის 1,2 მლნ ლარია გამოყოფილი, რომლის უმეტეს ნაწილს საქართველოს მთავრობის ბიუჯეტიდან დაფარავენ. პროექტის მიხედვით, გაკეთდება საკანალიზაციო ქსელი და ბორდიურები. გზის რეაბილიტაციის შემდეგ, გორის მე-2 სკოლასთან ,,მწოლიარე პოლიციელები” დამონტაჟდება.