ქალაქ გორში, გოგებაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა

1369

ქალაქ გორში, გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული, თითქმის 2 მლნ-იანი ტენდერი ჩავარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიის სატენდერო კომისიამ მიიღო. კომისიის თავმჯდომარის, გელა კაპანაძის ხელმოწერით, კომპანია ,,ნურ ჰაშ-გეოს” დისკვალიფიკაციის შესახებ, წერილობით უკვე ეცნობა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედბმა საგზაო კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობა არ მიიღეს. ერთადერთი კომპანია, რომელმაც მასშტაბური პროექტის განხორციელება დააპირა, თელავში რეგისტრირებული ,,ნურ შაჰ გეოა”. სატენდერო კომისიის წევრების ცნობით, ,,ნურ შაჰ გეომ” ვერ წარადგინა დოკუმენტაცია იმის შესახებ, სადაც აღწერილი იქნებოდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი მონაცემები, ასევე, ფინანსური მდგრადობის შესახებ, ინფორმაცია.

სატენდერო კომისიის წევრის, ალექსანდრე თარხნიშვილის განცხადებით, ტენდერი ჩაიშალა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში არ განხორციელდება: ,,რა თქმა უნდა, ტენდერს კვლავ გამოვაცხადებთ და ამას იხილავთ შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე”,- ამბობს ალექსანდრე თარხნიშვილი.

რატომ არ მიიღეს აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა გორში მოქმედმა კომპანიებმა? ამის თაობაზე, მერიაში პასუხი არ აქვთ. გორში სამი კომპანიაა: ,,იბოლია” (დეპუტატ მაკრახიძის მფლობელობაში), კომპანია ,,შარა” (დეპუტატ მაკრახიძის მეუღლის და ოჯახის წევრები კომპანია) და ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1″, (დეპუტატ მაკრახიძის მეგობრის, შოთა აბულაძის კომპანია).

გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 6-თვიან პერიოდს ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერი მეორედ გამოცხადდება, გამარჯვებულის გამოვლინების შემთხვევაში, სამუშაოები შემოდგომა-ზამთრის პერიოდში განხორციელდება. ამასთან, სამუშაობის გადავადების გამო, აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე სამრეცხაოების დემონტაჟიც გადავადდება.