10 აპრილიდან თბილისის მერია ქალაქში პარკირების საკითხებს არეგულირებს. ამასთან, ქალაქში უკვე შეირჩა 4 ადგილი, სადაც კერძო კომპანია მრავალდონიან პარკინგებს გააკეთებს. ესენია: გეგეშიძის ბაღის მიმდებარედ – 175-ადგილიანი, ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ – 70-ადგილიანი, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ – 470-ადგილიანი და ფილარმონიის მიმდებარედ 183-ადგილიანი მიწისქვეშა მრავალდონიანი ავტოსადგომები.
როგორც თბილისის მერმა აპრილში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის როგორი იქნება პარკირების გადასახადი – ზონალური თუ საათობრივი.
პარკირების საკითხების დარეგულირება ასევე გათვალისწინებულია თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმაში, რომელიც თბილისის მერიას უკვე ჩაბარდა.
კვირის პალიტრა გენგეგმის იმ ნაწილის ავტორს ესაუბრა, რომელიც ტრანსპორტის მიმართულებით მუშაობდა. ურბანული ტრანსპორტის ექსპერტი გიორგი ესაკია ამბობს, რომ პარკირება საჯარო სერვისია და არ შეიძლება საჯარო სივრცეებით სარგებლობის წესების დარღვევაზე ჯარიმები კერძო კომპანიამ ამოიღოს. მისი თქმით უცნობია, დროებით შეითავსა მერიის სატრანსპორტო კომპანიამ ეს ფუნქციები თუ მუდმივად.
“გენგეგმაში პარკირების ჩემი კონცეფცია შევიდა. მის დამტკიცებას უნდა მოჰყვეს სატრანსპორტო მასტერპლანის შექმნა – როგორ უნდა იყოს ორგანიზებული ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა. მეორე პრობლემა მიკროავტობუსებისა და ტაქსების უსისტემო მუშაობაა (ოფიციალური ინფორმაციით, ტაქსები ახლო მომავალში რეგულირებას დაექვემდებარება). არასწორად დაგეგმილი მიკროავტობუსების მარშრუტები, მგზავრთა მომსახურების დაბალი ხარისხი და მოძრაობის წესების დარღვევაა საცობების შექმნის მიზეზი”, – ამბობს ესაკია.
მისი თქმით, დღის განმავლობაში, თბილისში, საშუალოდ 400-500 ათასი მანქანა მოძრაობს, პარკირებისთვის კი 35 ათასი ადგილია გამოყოფილი (იგულისხმება საჯარო სივრცეები).
“არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არის გამოყოფილი პარკირებისთვის იმდენივე ადგილი, რამდენი ავტომობილიც დადის ქალაქში. მნიშვნელოვანია პარკირების სატარიფო პოლიტიკის შემუშავება. დაუშვებელია პარკირების საფასური ერთნაირი იყოს ქალაქის მთელ ტერიტორიაზე, ვთქვათ, ლილოშიც და ვაკეშიც. აუცილებელია დიფერენციაცია. დედაქალაქის ცენტრში დღის განმავლობაში პარკირებისთვის მძღოლი მიზერულ თანხას იხდის. დღეს არსებული პარკირების წლიური საფასური, 50 ლარი რომ გავყოთ 365 დღეზე, დაახლოებით 13 თეთრს მივიღებთ. სხვა ქვეყნებში შერეული სატარიფო სისტემაა, რომელიც მოიცავს ცენტრალურ და შუალედურ ზონებში, უბნებში სოლიდურ ფიქსირებულ გადასახადს, ან დიფერენცირებას დროის მიხედვით”, – აცხადებს ურბანული ტრანსპორტის ექსპერტი გიორგი ესაკია.