“თუ როგორი იქნება პარკირების გადასახადი მომდევნო წლების განმავლობაში, ამასთან დაკავშირებით ვაპირებთ არსებული რეალობა შეიცვალოს. გადასახადი იქნება ზონალური თუ საათობრივი, ამ ყველაფერს უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ”,- განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მერიას უკვე დაწყებული აქვს მუშაობა სატრანსპორტო პოლიტიკის შეცვლაზე, რომლის ერთ-ერთი ნაწილი პარკირების გადასახადია.
„ზოგადად სატრანსპორტო სისტემა, პარკირების პოლიტიკა არის მასშტაბური პროექტი, რომლის განხორციელებაც დაწყებული გვაქვს. ამისთვის კომპლექსური მიდგომებია საჭირო. სამომავლო გეგმებზე, თუ როგორი იქნება პარკირების გადასახადი მომდევნო წლების განმავლობაში, ვაპირებთ არსებული რეალობა შეიცვალოს. თუ როგორი მიდგომები, ხედვა და კონცეფცია იქნება, ზონალური საათობრივი, ამ ყველაფერს უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ. ესეც არის იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილი, რომლის ცვლილებებიც დაანონსებული გვაქვს“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას კალაძემ განაცხდა, რომ ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებდა პროცესს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ფუნქციების შესრულებას უმოკლეს დროში ვერ შეძლებდა, თუმცა, კალაძის თქმით, კომპანია ყველანაირად აღჭურვილია და თანამშრომლებიც მზად არიან დღეიდან თავიანთი ფუნქციები შეასრულონ.
“თავიდან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა პროცესს, რომ სატრანსპორტო კომპანია უმოკლეს დროში ვერ შეძლებდა მობილიზებას. თუმცა, თქვენ ხედავთ, რომ ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს იმის, რომ პარკირების სისტემის მენეჯმენტი გაწიოს სატრანსპორტო კომპანიამ და პირობას გაძლევთ, რომ ეს ადამიანები საუკეთესოდ მოემსახურებიან ჩვენს ქალაქს და დაამყარებენ წესრიგს. ყველანაირი მზაობა არსებობს ამისთვის და ტექნოლოგიურდაც აღჭურვილები არიან. ზოგადად, პარკირების თვალსაზრისით წესრიგი მნიშვნელოვანია. ჩვენ დაანონსებული გვაქვს იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკის მოგვარებას ეხება, აქ, რა თქმა უნდა, შედის პარკირების სისტემის მოწესრიგება, მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა და ა.შ. ამ პრობლემას უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ, მუშაობა უკვე დაწყებულია.
ჩვენ უნდა გავყოთ ორი თემა ერთმანეთისგან. ადამიანები კონკრეტული ჯგუფებიდან „სიტი პარკთან“ გაწყვეტილ ხელშეკრულებას პირდაპირ უკავშირებენ პარკირების პოლიტიკას. ეს ორი განსხვავებული თემაა. რაც შეეხება „სიტი პარკთან“ გაწყვეტილ ხელშეკრულებას, ამაზე განცხადებები არაერთხელ გაკეთდა, კომპანია თავიანთ მოვალეობას არ ასრულებდა, რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, ამის გამო გაწყდა ხელშეკრულება”, – განაცხადა კალაძემ.