რა დარჩა და რა შეიცვალა თბილისის განახლებულ გენგეგმაში

1205

წინა სტატია

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში რჩება 12 საბაგირო ხაზის მოწყობა, „ისთ ფოინთი – ლილოს“ მიწისზედა მეტროსა და სატვირთო მატარებლების შემოვლით რკინიგზაზე გადატანის საკითხი. ამის შესახებ  გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, მამუკა სალუქვაძემ განაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

სალუქვაძის თქმით, რკინიგზის მიმართულებით, სატვირთო ხაზის გადატანაზე შეთანხმება მიღწეულია, რაც შეეხება სამგზავრო ხაზს, ამას შესწავლას საჭიროებს, რაც საქართველოს რკინიგზის გასაკეთებელია.

„სატვირთოზე ყველა მხარე ვთანხმდებოდით, რომ უნდა გადავიდეს. რაც შეეხება სამგზავრო ხაზს, ეს შესასწავლია. ასევე, საქართველოს რკინიგზის და მთავრობის ერთ-ერთი წინადადება იყო შემოვლითი რკინიგზის ხაზის ნაწილის მიწის ქვეშ ჩატანა. ჩვენ საუბარი გვაქვს 10 კილომეტრიან მონაკვეთზე და არა მთლიანად რკინიგზაზე. იყო საუბარი გვირაბის გაკეთებაზე და კვლევებიც მიმდინარეობდა. საბოლოო შედეგები არ ვიცი, მაგრამ ნავთლუღიდან დიდუბის სადგურამდე გვირაბის საკითხი ნამდვილად იყო. საქართველოს რკინიგზა ამ საკითხს ამუშავებდა. რაც შეეხება გენგეგმაში შეთავაზებულ „ისთ ფოინთი“-ლილო-რუსთავის მიწისზედა მეტროს ხაზს, ეს ისევ რჩება დოკუმენტში, მაგრამ შორეული პერსპერქტივაა, საკმაოდ მასშტაბური და ამბიციური პროექტია და კვლევა დასჭირდება. თუმცა ის, რაც ჩვენ ვთქვით და ეს საქართველოს რკინიგზასთან ერთად მოფიქრებული პროექტი იყო, რადგან აქ გვაქვს გამოუყენებელი ხაზი, სრულებით შესაძლებელია, რომ მიწისზედა მეტრო გაკეთდეს, „ისთ ფოინთი“ ლილო დააკავშიროს ერთმანეთს და აეროპორტამდეც ჩავიდეს“, – განაცხადა სალუქვაძემ.

რაც შეეხება სატრანსპორტო დერეფნებს, როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, მერიამ მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ერთი დერეფნის მოწესრიგება და ექსპლუატაციაში გაშვება მაინც უნდა უზრუნველყოს.

„საუბარი არ არის ახალ გზაზე, ვგულისხმობ, არსებული გზის მოწესრიგებას. მაგალითად, დიდი დიღმიდან მაღლივამდე, მარშალ გელოვანის და საბურთალოს გზის იმ პარამეტრებით მოწყობას, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიეცეს დაუბრკოლებლად და შეუფერხებლად გადაადგილების საშუალება. ტრანსპორტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სიახლე იქნება, როგორც ტაქსების, ასევე, საზოგადოებრივი ტრანპსორტის მიმართულებით. ეს ჩვენც გვედო დოკუმენტში და ქალაქიც იწყებს ამის კეთებას – ეს არის სატრანსპორტო მოდელირება. უახლოეს ხანში გამოცხადდება ტენდერი სატრანსპორტო მასტერპლანთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოდელირებას, ეს არის პრაქტიკულად, ყველა კვანძში ნაკადების შესწავლა და მისი პროგრამული უზრუნველყოფა. არსებობს სპეციალური სოფტები, რომლებიც ითვლიან ნაკადების მიხედვით როგორი დატვირთვა აქვს ამა თუ იმ ქუჩას და ქუჩების დატვირთვის შემთხვევაში, სად შეიძლება გადანაწილდეს ეს ნაკადები. ამ დათვლების შემდეგ აუცილებელია სატრანსპორტო მასტერპლანის გაკეთება, სადაც უკვე პრაქტიკული გადაწყვეტილებები იქნება. კვანძების, მოედნების და ქუჩების დონეზე რომ ქალაქმა განსაზღვროს, მოძრაობის როგორი ორგანიზება მოხდება, რომ საცობებისგან გავთავისუფლდეთ“, – განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, 12 საბაგირო ხაზი, რომელიც გენგეგმის დოკუმენტში აქამდეც იყო, უცვლელი რჩება, რაც შეეხება ტრამვაის ხაზს, როგორც სალუქვაძე აცხადებს, თუ დედაქალაქის მერია სატრანპორტო დერეფნებს მოაწყობს, ამის გამოყენება ტრამვაის ხაზისთვისაც შესაძლებელი გახდება.

„პირდაპირ მითითებული არ გვაქვს, რომელ ქუჩაზე და სად უნდა გავიდეს ტრამვაის ხაზი, მაგრამ ვთქვით, რომ იმ სატრანსპორტო დერეფნებში, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ, მერიამ ჯერ სწრაფი ავტობუსი გაატაროს, რომელიც ნაკლებ ფინანსებს მოითხოვს, შემდეგ გარკვეული ფინანსების არსებობის შემთხვევაში, ქალაქმა იგივე მაგისტრალი ტრამვაისთვისაც გამოიყენოს. ეს მაგისტრალი აბსოლუტურად მისაღები იქნება ტრამვაის ხაზის მოსაწყობად“, – აღნიშნა სალუქვაძემ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქის მერიასა და მის ავტორებს შორის საჯილდაო ქვად იქცა. დოკუმენტი, რომლის შექმნაც 2015 წელს დაიწყო და რომლის შემუშავებაშიც დედაქალაქის წინა მთავრობამ 2 800 000 ლარი გადაიხადა, 2017 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით ითქვა, რომ დოკუმენტზე მუშაობა საბოლოოდ სექტემბერში დასრულდებოდა, რის შემდეგაც მას დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებდა.

დეკემბრის ბოლოს მერიამ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ 145 ათასით დააჯარიმა. მერიამ განმარტა, რომ ამის მიზეზი დოკუმენტში არსებული გარკვეული ხარვეზები იყო. დღეს ცნობილი გახდა, რომ “სითი ინსტიტუტი საქართველო” ჯარიმას გადაიხდის, თუმცა მამუკა სალუქვაძე არ გამორიცხავს რომ ჯარიმის კანონიერებაზე სასამართლოში იდავონ.

“სითი ინსტიტუტს” განახლებული გენგეგმის წარსადგენად თბილისის მერმა კახა კალაძემ ვადა 1 ივნისადმე მისცა.