განადგურებული ქარსაფარი ზოლები და გაუდაბნოების პროცესი დედოფლისწყაროში

1111
მოსავლის აღების შემდეგ მიწის ნაკვეთებს ნარჩენებისგან ამ ფომით ასუფთავებენ

ბოლო წლების განმავლობაში დედოფლისწყაროში გაშენებული ქარსაფარი ზოლების დიდი ნაწილი განადგურდა. მიზეზი ადგილობრივი ფერმერები არიან, რომლებიც ცეცხლს მიწის გასუფთავების მიზნით ანთებენ, შემდეგ კი მის მართვას ვეღარ ახერხებენ. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

დედოფლისწყაროში შირაქის ველზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაჩენილი მასშტაბური ხანძრების გამო ქარსაფარი ზოლების თითქმის 90% განადგურდა.

ხანძრები ზოგ შემთხვევაში გვალვის გამო ჩნდება, თუმცა უმეტესწილად ამის მიზეზი ადგილობრივი ფერმერები არიან, რომლებიც ქერისა და ხორბლის მოსავლის აღების შემდეგ მიწის ნაკვეთებს ნარჩენებისგან გასუფთავების მიზნით წვავენ, შემდეგ კი მასშტაბურ ცეცხლს ვეღარ აკონტროლებენ, რის შედეგადაც ნადგურდება ბოლო წლებში გაშენებული ქარსაფარი ზოლები.

უკვე წლებია დედოფლისწყაროსი ქარსაფარებს “გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება” აშენებს. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი ამირან კოდიაშვილი ამბობს, რომ ფერმერების დაუდევრობამ მუნციიპალიტეტში გაუდაბნოების პროცესი უფრო გაამწვავა.

“გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების” წარმომადგენელი და ექსპერტი ამირან კოდიაშვილი, შირაქში მიწის ნაკვეთების გასუფთავების მიზნით გაჩენილი ხანძრების კიდევ ერთ უარყოფით და გამანადგურებელ შედეგზე საუბრობს. მისი თქმით, გრძელვადიან პერიოდში მიწა მოუსავლიანი ხდება და საბოლოოდ დაზარალებული თავად ფერმერები რჩებიან. კოდიაშვილს იმედი აქვს, რომ ამ პრობლემას სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე დაარეგულირებს.

ქარსაფარი ზოლების პრობლემასა და გაუდაბნოების პროცესზე, დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ ფერმერებისთვის მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია, იმის თაობაზე, თუ რა ზიანის მომტანია მიწის გასუფთავებისთვის ხელოვნურად გაჩენილი ხანძრები.

ჯანიაშვილის თქმით, ამ კამპანიის შედეგად, როგორც მიწის გადაწვის ასევე ქარსაფარი ზოლების განადგურების შემთხვევები შემცირდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაუდაბნოების პროცესის შესაჩერებლადა და ქარსაფარი ზოლების განადგურების თავიდან ასაცილებლად გამოსავალს მოსახლეობის ინფორმირებაში ხედავს.