ოზურგეთში, ქალაქის ცენტრში, ისტორიული მუზეუმისა და ახალაშენებული იუსტიციის სახლის სიახლოვეს, ბეტონით შემოსაზღვრულ უძველეს აბანოს ნაშთებს გადააწყდებით. ერთი შეხედვით შეიძლება ვერც შეამჩნიოთ მისი არსებობა, ვინაიდან მშენებლობის დროს შემთხვევით აღმოჩენილ ამ ისტორიულ ძეგლს, სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიექცა სათანადო ყურადღება და საუკუნეების მანძილზე მიწის ქვეშ შემონახული ეს ნანგრევები დღეს კვლავ მიწით იფარება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისში ამ უძველესი აბანოს ნაშთების გადასარჩენად შეიქმნა პეტიცია, რომლის ინიციატორი თამთა სარიშვილია. ამ ნაშთების აღმოჩენისა და მისი დღევანდელი სავალალო მდგომარეობის შესახებ პეტიციის ინიციატორი გვესაუბრა:
“იუსტიციის სახლის მშენებლობისას, 2012 წელს ოზურგეთის ცენტრში აღმოჩენილ იქნა ისტორიული მნიშვნელობის მქონე უძველესი აბანოების ნაშთები, თუმცა ეს აღმოჩენა მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, უწინ ამ ტერიტორიაზე სასახლის ნანგრევები იყო, რომელიც გურიელებს ეკუთვნოდათ. ეს ნაშთები კი პირველად საბჭოთა პერიოდში, 1957 წელს გამოჩნდა, თუმცა საბჭოთა კავშირის დროს, მოგეხსენებათ არ იყო პრიორიტეტული მისი შესწავლა და მაშინ აღმოჩენილ არქეოლოგიურ სიძველეებს, ნაცვლად შესწავლისა, ისევ მიწა მიაყარეს. 2012 წელს მისი კვლავ გამოვლენის შემდეგ მიწა აღარ მიუყრიათ, თუმცა არც ძირეული სამუშაოები ჩაუტარებიათ, მის დასაცავად. დღეს ეს ნაშთები არის ღია ცის ქვეშ და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შედეგად დღითიდღე ზიანდება. პეტიციის იდეა სწორედ აქედან წამოვიდა, რომ არ განადგურებულიყო ასეთი მნიშვნელობის მქონე ძეგლი, მოხდა ამ პეტიციის შემუშავება, რომელიც მოითხოვს მიენიჭოს აბანოს ნაშთებს კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი და ჩატარდეს არქეოლოგიური სამუშაოების სრული ციკლი (არქეოლოგიური გათხრები, რესტავრაცია-კონსერვაცია და მეცნიერული შესწავლა). კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს აქვს პორტალი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია ძეგლების შესახებ, სადაც ყველა ძეგლს უწერია შესაბამისი სტატუსი, ეს ნაშთები კი სტატუსის გარეშეა. 2012 წელს კულტურის სამინისტრო აქტიურად ჩართული იყო, მისი დაკვეთით შემუშავებული იქნა დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც შემდეგ ფინანსური რესურსების უქონლობის გამო არ განხორციელებულა. ნანგრევებს გარშემო ბლოკებით შემოაშენეს ბარიერი, მაგრამ არ ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომელიც მას დაიცავდა გარეფაქტორების ზემოქმედებისგან.
გამომდინარე იქედან, რომ აბანოს ნაშთების სრულყოფილი შესწავლა არ მომხდარა, შესაბამისად უცნობია ზუსტად რა პერიოდს მიეკუთვნება. ისტორიკოსებისა და არქეოლოგების ნაწილი აბანოების ამ უძველეს ნაშთებს მიაკუთვნებენ მე-17 საუკუნეს, თუმცა სტრუქტურულად ისეა აგებული და ისეთი წესით არის ნაშენები, რომ მეცნიერთა და არქეოლოგთა აზრით ის შეიძლება ეკუთვნოდეს გვიან ანტიკურ პერიოდს, ან ადრეფეოდალურ ხანას. საჭიროა ამ ნაშთების დეტალური შესწავლა, რათა დადგინდეს კონკრეტულად რომელ ხანას მიეკუთვნება. თუკი გამოიკვლევა და დადგინდება, რომ ნამდვილად ანტიკური ან ადრეფეოდალური ხანის ნაშთებია, ეს გამოიწვევს მლიანად ოზურგეთის ისტორიის გადაწერას. შესაბამისად მეცნიერული თვალსაზრისით ძალიან დიდი ისტორიული მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს.
ზოგადად, თუკი გამოავლენ ძეგლს, შემდეგ ასე დატოვება არაფრით არ შეიძლება. არც კი თხრიან ხოლმე თუ სამუშაოების გასაგრძელებლად საჭირო ფინანსები არ არის, იმიტომ რომ მიწაში უკეთ ინახება. ყოვლად დაუშვებელია ასე მოექცე და შემდეგ არც სამუშაოები დაასრულო, არც კონსერვაცია მოახდინო. თან ეს ის შემთხვევა არაა, როცა რაღაც კოლოსალური ფინანსებია საჭირო, მინიმალური ხარჯები ეყოფა იმას რასაც ჩვენ ვითხოვთ, რომ გადაიხუროს და ხიდები და მოაჯირი გაკეთდეს.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ აბანოების ნანგრევები მდებარეობს ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის გვერდით, შესაბამისად ტურისტული პოტენციალის მქონეც არის. ტურისტი იქნება თუ ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელიც მუზეუმს ესტუმრება, ის რა თქმა უნდა ამ ნაშთებითაც დაინტერესდება, რომელიც ჩვენი ისტორიის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაწილია.
2012 წელს, როდესაც კვლავ აღმოაჩინეს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა ოზურგეთში, ყველა დაინტერესდა როცა ქალაქის ცენტრში უცებ ასეთი სიძველის ნაშთები იქნა აღმოჩენილი, შუქდებოდა მედიაში, ყველა ამაზე საუბრობდა, ხალხი მიდიოდა სანახავად, მაგრამ შემდეგ მინელდა ეს ამბავი, დრო გავიდა, ხალხსაც გადაავიწყდა, ნანგრევებიც ისევ მიწით დაიფარა. ამ პეტიცით კიდევ ერთხელ გვინდა ხალხს შევახსენოთ თუ რა განძი იკარგება და ნადგურდება მოუვლელობით. ვთვლით, რომ ყველა სიამოვნებით მოაწერს ამ პეტიციას ხელს, მთავარია ინფორმაცია მივაწოდოთ. ამ ეტაპზე ძირითადად ონლაინ, ფეისბუქით ვცდილობთ ინფორმაციის გავრცელებას, თუმცა ვფიქრობთ აქ მომსვლელი ბენეფიციარებსაც გავაცნოთ ინფორმაცია და სურვილის შემთხვევაში ავუხსნათ თუ როგორ უნდა დარეგისტრირდნენ პორტალზე, რათა შეძლონ მხარი დაუჭირონ ჩვენს პეტიციას.“
პეტიციაზე ხელმოსაწერად გადადით ბმულზე