ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში გზის მშენებლობა დაიწყო

664

თბილისი-ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალიდან, ხარაგაულის სოფელ ნადაბურში მიმავალი გზის 6 კმ.-იანი მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 727 502 ლარით დაფინანსდა. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა კი, 5%-ს შეადგენს.

მერიის ცნობით, ნადაბურში რეაბილიტირებული გზა არასდროს ყოფილა, რის გამოც ადგილობრივები საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას სოფელში ეკონომიკური განვითარების პერსპექტივითა და დიდი იმედებით ელოდებიან.

როგორც მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის ნადაბურში ბეტონის დასხმის წინა სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში გზაზე სანიაღვრე არხები, წყალამრიდები და გაბიონები მოეწყობა.

ხარაგაულის მერის ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, 2018 წელს გზა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 26 სოფელში მობეტონდება, რისთვისაც ჯამში 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ნადაბურში სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება.