თელავში ზუზუმბოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

1207

თელავში ზუზუმბოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. თელავის მერიის ცნობით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „შპს კულტურული რესურსების კვლევის ცენტრი“აწარმოებს.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დაწყების პროცესშივე ზუზუმბოს ტერიტორიაზე გამოვლინდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ბრინჯაოს სამაჯური, კერამიკული მასალა (ძვ.წ.აღ. XVI-XIVსს-ის) და ძვ.წ.აღ (X-VIIIსს-ის) რკინის შუბის პირი, რაც ადასტურებს იმას, რომ თელავის ზუზუმბოს ტერიტორია ამავე პერიოდში ინტენსიურად ჩანს დასახლებული.

ამჟამად მიმდინარეობს სავარაუდო სამარხის საპრეპარაციო სამუშაოები. თელავში მიმდინარე კვლევითი სამუშაოები გულისხმობს ქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ზუზუმბოს, დაბახნების, მაწანწრისა და ყადორის გორაზე არქეოლოგიურ დაზვერვით სამუშაოებს. სამუშაოების მიზანია ქალაქის უძველესი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით გამდიდრება და სამომავლოდ ტურისტული მარშრუტების შექმნა. სატენდერო პირობის თანახმად, რამდენიმე დღეში დაზვერვითი სამუშაოები კიდევ სამ ლოკაციაზე დაიწყება.